ადმირალ იამამოტოს უკანასკნელი გაფრენა


ოპერაცია შურისძიება

1943 წლის 17 აპრილის საღამოს ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მე-13 საჰაერო არმიის სარდლობამ ვაშინგტონიდან ზესაიდუმლო შეტყობინება მიიღო. საზღვაო დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომდევნო დილით იაპონიის გაერთიანებული ფლოტის სარდალი რაბაულადან ბუგენვილში მიფრინავდა. ადმირალი ისოროკუ იამამოტო მოწინავე სამხედრო-საზღვაო ბაზების ინსპექციას ასრულებდა, და შემთხვევით მოხვდა ამერიკული Р-38-ის ტიპის გამნადგურებლების მოქმედების არეალში, რომლებიც კუნძულ გუადალკანალის აეროდრომზე ბაზირებდნენ.

საიდუმლო ტელეგრამის ცისფერი ბლანკი შემდეგ ბრძანებას შეიცავდა: “ადმირალ იამამოტოს გასანადგურებლად უნდა მივიღოთ ყველა შესაძლო ძალისხმევა”. ამერიკაში იოსოროკუ იამამოტო მიიჩნეოდა ადამიანად, რომელმაც პერლ-ჰარბორზე მოულოდნელი თავდასხმა ჩაიფიქრა და განახორციელა. ამერიკის ფლოტის დანაკარგები ამ თავდასხმის შედეგად უდიდესი აღმოჩნდა. ეს დღე წარუშლელი შავი ლაქა გახდა ამერიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში. განსაკუთრებული დამსახურების ნიშნად ადმირალმა იამამოტომ იმპერატორ ჰიროჰიტოსგან პერსონალური მილოცვა მიიღო, ხოლო გაბრაზებული ამერიკული სპეცსამსახურები განსაკუთრებული გულმოდგინებით არჩევდნენ მომენტს ანგარიშების გასასწორებლად. ომის ერთნახევარი წლის განმავლობაში ადმირალმა შეძლო გამხდარიყო ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგე ანგლო-ამერიკელებისთვის ომის წყნარი ოკეანის თეატრში. მან ფიციც კი დადო, რომ “ზავის პირობებს თეთრი სახლიდან უკარნახებდა”. როდესაც გამოჩნდა იამამოტოსთან გასწორების შესაძლებლობა, ამერიკელებმა სიხარულით მიიღეს ის.

ადმირალი იოსოროკუ იამამოტო, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, იაპონიის ფლოტის პილოტებს ესალმება რაბაულში, 1943 წლის 18 აპრილი

ბედისწერის ირონიით ადმირალმა თვითონ შეუწყო ხელი საკუთარ სიკვდილს. სამურაების მკაცრი ტრადიციებით აღზრდილი, იგი უჩვეულოდ პუნქტუალური იყო. იამამოტომ დაგვიანება არ იცოდა, და ამ თვისებამ მას ცუდი სამსახური გაუწია.

გუადალკანალზე სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურობამ განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად ორი უნარიანი ავიაციის ოფიცერი შეარჩია: მაიორი ჯონ ვ. მიტჩელი, რომელსაც ამ დროისათვის განადგურებული ჰყავდა რვა იაპონური თვითმფრინავი, დაფარვის ჯგუფს მეთაურობდა, ხოლო კაპიტანი ტომას ლანფირი (ექვსი საჰაერო გამარჯვება) – დამრტყმელ ჯგუფს. მათ ჰაერში ერთად მრავალი ასეული საათი ჰქონდათ გატარებული და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ.

უჩვეულო დავალების მიღების შემდეგ, მიტჩელმა და ლანფირმამაშინვე დაიწყეს დარტყმის მიყენების გეგმის შემუშავება, ვინაიდან აფრენამდე 12 საათზე ნაკლები რჩებოდა. კონსულტანტმა საზღვაო ოფიცრებმა წინადადება წამოაყენეს გაენადგურებინათ იამამოტო იმ მომენტში, როდესაც ის წყალქვეშა ნავების მცურავ ბაზაზე ჩავიდოდა შორტლენდ ჰარბორში. მფრინავებმა ამ ვარიანტზე უარი თქვეს, ვინაიდან დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ შეძლებდნენ მცურავი ბაზის გარჩევას ნავსადგურში მყოფი სხვა ხომალდებისა და გემების ფონზე. მათ გადაწყვიტეს ადმირალის თვითმფრინავზე ბუგენვილისკენ ფრენისას შეეტიათ. ასეთ გეგმას ასევე გააჩნდა უარყოფითი მხარეები. მარშრუტის მიხვეულ-მოხვეულობისა და ფრენის დაბალსიმაღლიანი პროფილის გათვალისწინებით, მოქმედება გამანადგურებელ Р-38-ისთვის ზღვრულ რადიუსზე მოუხდებოდათ. დაბალი სიმაღლე შერჩეული იქნა იაპონელთა რადიოლოკატორების მიერ ადრეული აღმოჩენისაგან თავის დაღწევის მიზნით. საკუთრივ დარტყმის ორგანიზებასა და თვით ბრძოლაზე სულ 10 წუთი რჩებოდა, რადგანაც საჭირო იყო იამამოტოს პატარა თვითმფრინავი პოვნა უკიდეგანო ცაში მრავალ ასეულ კილომეტრზე აფრენის აეროდრომიდან!

მიტჩელი და ლანფირი ვარაუდობდნენ, რომ ადმირალის თვითმფრინავის დაფარვისათვის გამოყოფილ იაპონური გამანადგურებლების მძლავრ ჯგუფში ასამდე “ზერო” მაინც იქნებოდა. რაღა თქმა უნდა, ეს შეფასება გადაჭარბებული იყო, ვინაიდან იაპონელებს მრავალი დამარცხების შემდეგ უკვე არ გააჩნდათ ასეთი რაოდენობით მანქანები ამ რაიონში. თუმცა გასათვალისწინებელია ამერიკელ ოფიცერთა მდგომარეობაც – მონადირეთა აზარტი, საგანგებო მოლოდინი და სიამაყის შეგრძნება იმაზე, რომ სწორედ მათ დაეკისრათ ასეთი საპასუხისმგებლო ამოცანა.

გზის გადასაჭრელად გაგზავნილი იქნა ავიაბაზაზე არსებული P-38-ის ტიპის ყველა გამართული გამანადგურებელი – სულ 18 მანქანა. ოტხ შემტევს კაპიტანი ლანფირი მიუძღვებოდა, ხოლოდ დანარჩენი 14 მიტჩელის მეთაურობით განკუთვნილი იყო გაცილების გამანადგურებლების თავდასხმის მოსაგერიებლად. ჯგუფის აფრენა დაინიშნა 7.25 სთ-ზე, 5 წუთი გამოიყო წყვილთა კოლონაში მოწყობაზე. ბუგენვილის რაიონში მიფრენას გათვლებით ორი საათი დასჭირდებოდა. მთელი მარშრუტის მანძილზე უნდა დაეჭირათ 10 მეტრის სიმაღლე და ეფრინათ 380 კმ/სთ-ის ტოლი სიჩქარით. განსაზღვრულ წერტილში მისვლისას განზრახული იყო სიმაღლის სწრაფი აღება, რაც შემტევიბისათვის შეადგენდა 3100 მ-ს, ხოლო დამფარავებისთვის 6000 მ-ს. იამატოს თვითმფრინავზე შეტევა დაგეგმილი იყო აღმოსავლეთიდან, ე.ი. მზის მხრიდან. იგი ნებისმიერ ფასად უნდა განადგურებულიყო! ბრძოლიდან გამოვიდოდა და უკან დაბრუნდებოდა ის, ვინც გადარჩებოდა… ასეთი იყო ბრძანება.

მისიის განსახორციელებლად P-38G Lightning-ის ტიპის თვითმფრინავები იქნა არჩეული

თითოეულ პილოტს გადასცეს მოზრდილი პაკეტი ინგლისური შილინგებით სოლომონის კუნძულების მეგობრულად განწყობილი მოსახლეობის შესაძლო მომსახურების გადასახდელად იმ შემთხვევაში, თუ მათ თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ.

18 აპრილის დილით ყველაფერი არც თუ გეგმის მიხედვით დაიწყო. ასაფრენ ბილიკზე დამრტყმელი ჯგუფის ერთ-ერთი თვითმფრინავი დაზიანდა, და ლანფირი სულ ორ მიმყოლ თვითმფრინავთან ერთად აფრინდა. ორი წუთის შემდეგ კიდევ ერთი Р-38-ის პილოტმა შეატყობინა საწვავის სისტემის გაუმართაობის შესახებ: მის მანქანაზე სასწვავი დასაკიდებელი ავზებიდან არ ამომუშავდებოდა. ლანფირმა პირობითი ნიშნით უბრძანა უკან დაბრუნებულიყო. რადიოსიჩუმის რეჟიმს მტკიცედ იცავდნენ აფრენის მომენტიდან, ამიტომ მიტჩელს დიდი ჯაფა დაადგა მითითების მისაცემად თავისი ჯგუფის ორი პილოტისთვის, რათა ისინი ლანფირის ჯგუფს მიერთებოდნენ და მის დაქვემდებარებაში გადასულიყვნენ.

მიტჩელმა შეძლო თავისი ჯგუფის დანიშნულ პუნქტში ზუსტად განზრახული დროისთვის მიეყვანა, თან ისე, რომ მხოლოდ მაგნიტურ კომპასითა და საათით სარგებლობდა. ზუსტად 9.30 სთ-ზე თვითმფრინავები ბუგენვილის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს თავზე იმყოფებოდნენ. ერთ წუთის შემდეგ პირველად მთელი ფრენის მანძილზე ამაღელვებელი წამოძახილით დარღვეული იქნა რადიოსიჩუმე: “ათი საათის მიმართულებაზე და მაღლა”.

იაპონელები პირველმა კაპიტანმა კანინგმა შენიშნა მიტჩელის ჯგუფიდან. ლანფირმა მარცხნივ მაღლა აიხედა. ერთ-ნახევარი კილომეტრის სიმაღლესა და დაახლოებით 8 კმ-ის სიშორეზე ორი G4M “ბეტი”-ს ტიპის ბომბდამშენი მიფრინავდა (იაპონელები მათ სატრანსპორტო თვითმფრინავებად იყენებდნენ) ექვსი გამანადგურებელი “ზეროს” თანხლებით. ადმირალი იამამოტო არ აგვიანებდა!

თუკი P-38 “ლაიტნინგები” რამდენიმე წუთით ადრე მიფრინდებოდნენ, მაშინ სიტუაცია მათთვის გაცილებით უკეთ მოეწყობოდა, ვინაიდან ისინი მოასწრებდნენ სიმაღლის აკრეფას. თუმცა ახლა უკვე მათ შეტევა უხდებოდათ ქვემოდან, მაქსიმალური სწრაფაღმასვლის რეჟიმზე, რაც იკარგებოდა უმნიშვნელოვანესი უპირატესობა – უპირატესობა სიჩქარეში. ლანფირმა ჩამოყარა გამოცარიელებული დასაკიდებელი საწვავის ავზები. მეორე წყვილის მეთაურ ჰოლმსს არ გაუმართლა: მის მანქანას ავზები არ მოშორდა. პილოტმა მანქანა მკვეთრ ვირაჟში ჩააგდო, იმედოვნებდა რა, რომ დადებითი გადატვირთვა დაეხმარებოდა უკვე უსარგებლო ავზების მოცილებაში, თუმცა ეს არ მოხდა! ამ დღეს დამრტყმელი ჯგუფის თვითმფრინავებს ავი ბედისწერა არ შორდებოდათ. ლანფირმა ჰოლმსს მის მიმყოლ ჰაინსთან ერთად ბრძოლიდან გასვლა უბრძანა. მისი აზრით P-38 ჩამოსაკიდებელი ავზებით იმდენს კარგავდა სიჩქარესა და მანევრულობაში, რომ “ზეროებისთვის” ის “დამჯდარი იხვი” ხდებოდა.

თუმცა უსასრულოდ არც ეს უიღბლობა გაგრძელდებოდა. იაპონელი პილოტები საერთოდ არ ელოდნენ ამერიკელთა თავდასხმას მათი აეროდრომებიდან ასე მოშორებულ რაიონში, ამიტომაც მათ უბრალოდ “გამორჩათ” ამერიკული “ლაიტნინგების” გამოჩენა. “ზეროებს” კურსი იმ მომენტამდე არ შეუცვლიათ, სანამ ლანფირი მათ სიმაღლეზე არ აღმოჩნდა. მხოლოდ ამის შემდეგ გაემართა იაპონურ გამანადგურებელთა სამეული მის შესახვედრად, ხოლო მეორე რგოლი გადაეწყო და ამერიკელებსა და თავიანთ სატრანსპორტო “ბეტებს” შორის განლაგდა.

ლანფირმა თავისი მანქანა მოაბრუნა და მის შესახვედრად გამოქანებული “ზერო” სამიზნეში ჩაიჭირა. აღელვებულმა ლანფირმა ცეცხლი ძალიან ადრე გახსნა და დააცილა. სამიზნეს ახლოს ჩაუარა “ზეროს” საპასუხო მგეზავებმაც. მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების მომდევნო ჯერი იაპონური გამანადგურებლის ფრთას მისწვდა, და ის მოულოდნელად აფეთქდა. გაოგნებულმა მიმყოლებმა ლანფირის თვითმფრინავს გვერდზე ჩაუარეს. დამრტყმელი ჯგუფის წამყვანმა თავისი მანქანა ავტომატურად საბრძოლო ბრუნვაში ჩააგდო და მაინც მოასწრო მწვანე ტყის ფონზე “ბეტის” ჩრდილის შემჩნევა.

“მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობის დარღვევა – გამარჯვების ნახევარია”. როგორც ჩანს, ეს აზრი იაპონური სატრანსპორტო თვითმფრინავის პილოტს ეწვია და აიძულა ის მანქანა კუნძულის მხარეს მიებრუნებინა და ხეების წვეროების სიმაღლემდე დაშვებულიყო. ლანფირი მიწვევას არ დალოდებია. მან პიკირება მოახდინა “ბეტიზე” ისე, რომ გაზიც კი არ დაუხმარია. სიჩქარემ ერთბაშად იმატა და მისთვის გზის გადასაჭრელად გამოქანებულმა “ზეროების” მეორე სამეულმა დარტყმის მოგერიება ვრ შეძლო.

ლანფირმა შეგნებულად უგულებელყო საკუთარი უსაფრთხოება და კუდი იაპონურ გამანადგურებლებს მიუშვირა, სამაგიეროდ მიიღო რამდენიმე ძვირფასი წამი დამიზნებული ცეცხლის საწარმოებლად. როდესაც “ბეტი” თითქმის მთლიანად სამიზნეში აღმოჩნდა, ლანფირმა მის წინააღმდეგ ყველა ლულიდან გრძელი ჯერი გაუშვა. მარჯვენა ძრავი მაშინვე აალდა, მასთან ერთად ცეცხლმა მოიცვა მთელი ფრთაც. “ბეტისთვის” ასეთი ჭრილობა მომაკვდინებელი იყო: იაპონურ თვითმფრინავს ცეცხლსაქრობი საშუალებები არ გააჩნდა. გადარჩენა პარაშუტით გადმოხტომით იამამოტოს არ შეეძლო ფრენის მცირე სიმაღლის გამო. ნახევარი წუთის შემდეგ ცეცხლმოდებული “ბეტი” გრიალით წამოედო ხის წვეროებს და ნამსხვრევებად იქცა.

ცუდად დაცული და ადვილადაალებადი იაპონური ბომბდამშენი “მიცუბიში” G4M, რომელსაც ამერიკელები “ბეტი”-დ მოიხსენიებდნენ

ბარბერმა მეორე ბომბდამშენი ჩამოაგდო, და ამოცანაც შესრულებული იყო. თუმცა ლანფირის მდგომარეობა არასახარბიელო იყო: იაპონური გამანადგურებლების სამეული მას უკნიდან და მაღლიდან უტევდა. პირველად მთელი ფრენის მანძილზე ლანფირმა რადიოთი რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა: “ეი, მიტჩ, კუდიდან მომაცილე ეს მაიმუნები”. მიტჩელს უსაქმობით მოეწყინა – მტრის ასობით მოსალოდნელი გამანადგურებელი ადგილზე არ აღმოჩნდა. მან ადვილად მოკვეთა იაპონელები ლანფრის თვითმფრინავს, რის შემდეგაც “ზეროების” პილოტებმა, დარწმუნებულებმა ამერიკული გამანადგურებლების დიდ რიცხობრივ უპირატესობაში, უმჯობესად მიიჩნიეს ბრძოლიდან გასვლა. ბარბერი ჰოლმსაა და ჰაინს შეურთდა, რომლებიც ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ. დანარჩენი “ლაიტნინგები” 6000 მეტრის სიმაღლეზე შეიკრიბნენ და უმოკლესი პირდაპირი გზით გუადალკანალისკენ გაემართნენ. უკანა გზაზე სამეულს, რომელსაც ბარბერი მეთაურობდა, გზა გადაუჭრა იაპონურმა გამანადგურებლებმა. საჰაერო ბრძოლის შედეგად ჩამოგდებული იქნა და დაიღუპა ლეიტენანტი ჰაინსი, რომლის სიცოცხლითაც ამერიკელებმა, შესაძლოა, ასობით და ათასობით სხვა სიცოცხლის გადარჩენისთვის გადაიხადეს.

ბრძოლის შედეგები:

ოპერაციის მომდევნო დღეს იაპონურმა მაშველმა ჯგუფმა, არმიელ ინჟინერ ლეიტენანტ ჰამასუნას მეთაურობით, ჯუნგლებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი და ადმირალ იამამოტოს გვამი იპოვა. ჰამასუნას სიტყვებით, იამამოტო გამოვარდნილი იყო თვითმფრინავის ფიუზელაჟიდან, ცხედარი იჯდა გამართული, მიკრული სავარძელზე, ხის ქვეშ, და თეთრხელთათმანიანი ხელით თავისი კატანის სახელური ჩაებღუჯა. ჰამასუნამ თქვა, რომ იამამოტოს ამოცნობა საკამოდ მარტივი იყო, თავი ჩაეხარა, ისე თითქოს ჩაფიქრებულიყო. აუტოპსიამ ცხადყო, რომ იამამოტოს მიღებული ჰქონდა ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ერთი მარცხენა მხრის უკანა ნაწილში, მეორე ქვედა ყბის ქვემო ნაწილში, გამომავალი ჭრილობით მარჯვენა თვალს ზემოთ. იაპონიის ფლოტის ექიმმა, რომელმაც ადმირალის გვამი გამოიკვლია, დეაასკვნა, რომ იამამოტოს გარდაცვალება თავში მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია. მიუხედავად ყველა მტკიცებულებისა, საკითხი, გადაურჩა თუ არა ადმირალი ჩამოვარდნას, იაპონიაში დავების საგანი გახდა.

ბუგაინვილის ჯუნგლებში ჩამოგდებული იამამოტოს “ბეტის” ნარჩენები

ამ ბრძოლაში დაღუპა ერთადერთი ამერიკელი პილოტი – ლეიტენანტი რეიმონდ ჰაინი. მისი თვითმფრინავი ბაზაზე არ დაბრუნებულა მას შემდეგ, რაც დაზიანებული იქნა იაპონიის საიმპერატორო ფლოტის 504-ე ავიაჯგუფის პილოტის, სიოიტი სუგიტას მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ გამანადგურებლებს შეტაკება მოქმედების რადიუსის ზღვარზე მოუხდათ, ასევე მოუშორებელი დამატებითი საწვავის ავზების გათვალისწინებით, დაზიანებული თვითმფრინავის პილოტს დაბრუნების არანაირი შანსები არ გააჩნდა.

ეს იყო საჰაერო გზისგადაჭრის ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია ომების მთელი ისტორიის მანძილზე. იაპონიაში ის ცნობილი გახდა როგორც “სამხედრო-საზღვაო ინციდენტი А”. მან აამაღლა საბრძოლო სულისკვეთება აშშ-ში, და შოკში ჩააგდო იაპონია, რომელმაც ოფიციალურად ეს ინციდენტი მხოლოდ 1943 წლის 21 მაისს ცნო. იმისათვის, რათა იაპონელებს არ შეეტყოთ მათი კოდის გაშიფრვის შესახებ, ამერიკული გაზეთები იტყობინებოდნენ, რომ სამოქალაქო დამკვირვებლები ხედავდნენ, თუ როგორ ჩაჯდა იამამოტო თვითმფრინავში სოლომონის კუნძულებზე. ასევე გამოქვეყნებული არ იყო ამერიკელი პილოტების სახელებიც – ერთ-ერთი მათგანის ძმა იაპონელთა ტყვეობაში იყმოფებოდა, და ისინი მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

კაპიტანმა ბატანაბემ და მისმა თანმხლებებმა მოახდინეს იამამოტოს გვამის კრემაცია ბუინში, ფერფლი ტოკიოში გაგზავნეს იამამოტოს უკანასკნელი ფლაგმანის, სახაზო გემ “მუსასის” ბორტით. იამამოტო პატივით იქნა დაკრძალული 1943 წლის 3 ივნისს, და მიიღო ფლოტის ადმირლის წოდება და ქრიზანტემას ორდენი (პირველი კლასის) სიკვდილის შემდეგ. გერმანიის ხელისუფლებამ ასევე დააჯილდოვა ის რკინის ჯვრის რაინდის ჯვარით მუხის ფოთლებითა და ხმლებით. მისი ნეშტის ნაწილი დაკრძალული იქნა ტამეს საერთო სასაფლაოზე, ხოლო დანარჩენი მის ძველ საგვარეულო სასაფლაოზე ტაკო-ძის ტაძართან ნაგაოკეში.

იამამოტოს ფერფლის იაპონიაში დაბრუნება სახაზო გემ “მუსაშის” ბორტზე. 1943 წლის 23 მაისი

8 thoughts on “ადმირალ იამამოტოს უკანასკნელი გაფრენა

  1. განცხადება : დაიკარგა ადმინი და ვეძებთ, თუ იპვეთ გამოგვეხმაურეთ !! ერთგული მკითხველი 😀 😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s