Ju.87-ის ევროპული კარიერა


Ju.87-ის ევროპული კარიერა

პოლონეთი, დანია, ნორვეგია, ბელგია, საფრანგეთი…

ესპანეთის შედგომ „შტუკების“ სამიზნედ პოლონეთი იქცა. პოლონეთზე თავდასხმაში მონაწილეობდა ლუფტვაფეს შემდეგი ქვედანაყოფების Ju-87-ები:

• 1-ლი საჰაერო ფლოტი:

ესკადრა StG2-ის (ჯგუფის საბორტო კოდი – T6, შტატით 2 х 40 თვითმფრინავი) II და III ჯგუფები (პოლკები);

ესკადრა StGl-ის I, II და III ჯგუფები (საბორტო კოდი – A5, შტატით 40-40 თვითმფრინავი);

IV ჯგუფი (Stuka) XLGl (L1, 25 თვითმფრინავი);

4 რაზმი (Tragergruppe) 186 (10 თვითმფრინავი);

• 4-ე საჰაერო ფლოტი:

ესკადრა StG2-ის I ჯგუფი (T6, 40 თვითმფრინავი);

ესკადრა StG76-ის I ჯგუფი (F1, 40 თვითმფრინავი);

ესკადრა StG77-ის I და II ჯგუფები (S2, 2 х 40 თვითმფრინავი);

ესკადრა StG51-ის III ჯგუფი (6G, 40 თვითმფრინავი), სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

პირველი საბრძოლო გაფრენა მეორე მსოფლიო ომში შეასრულა III/StGl-ის მე-3 რგოლმა Ju-87B-l-ით ობერ-ლეიტენანტ ბ. დილეის მეთაურობით (შემდგომში – მუხისფოთლებიანი რაინდის ჯვრის კავალერი). ისინი ჰაერში 4.26 სთ-ზე აფრინდნენ ელბინგის აეროდრომიდან. საბრძოლო გაფრენას წინ უსწრებდა მოსამზადებელი წვრთნები პოლიგონზე, ვინაიდან ამოცანა ძალიან უჩვეულო იყო: „შტუკებს“ მოუხდებოდათ არა დაბომბვა, არამედ თავიანთი ჯავშანმატარებლისთვის ქალაქ ტჩევთან, გდანსკიდან 50 კმ-ით სამხრეთით მდინარე ვისლაზე არსებული სარკინიგზო ხიდის შენარჩუნება. ამისათვის საჭირო იყო საყარაულო ნაგებობების ბუნკერებისა და ელექტროამფეთქების კაბელების ზუსტად დაბომბვა. ხიდზე გადიოდა ბერლინიდან კენინგსბერგში მიმავალი სტრატეგიული სარკინიგზო ხაზი ეგრეთ წოდებულ „პოლონურ კორიდორზე“ გავლით. მოწინააღმდეგეები შესანიშნავად ხვდებოდნენ ამ ხიდის უდიდეს მნიშვნელობას გერმანიის თავდასხმის შემთხვევაში საგულდაგულოდაც ემზადებოდნენ: პოლონელები – ხიდის ასაფეთქებლად, გერმანელები – დასაცავად. ადრე, პილოტებს, დილეის, შილერსა და გრენცელს ფორმის გარეშე მატარებლით რამდენჯერმე წვეოდნენ კენინგსბერგს ხიდის გადავლით, რა გზითაც ადგილის რეკოგნოსცირებას მოახდინეს.

სამმა თვითმფრინავმა, თითოეულმა თითო-თითო 250-კგ-იანი და ორ-ორი 50-კგ-იანი ბომბით, თავისი მომაკვდინებელი ტვირთი ომის ოფიციალურ გამოცხადებამდე 11 წუთით ადრე – 4.34 სთ-ზე ჩამოყარა. თავიანთი ამოცანა მფრინავებმა შეასრულეს – ბომბების აფეთქებების შედეგად კაბელები გაწყდა. თუმცა პოლონელებმა მოასწრეს მათი აღდგენა და ხიდის ერთ-ერთი მალი ააფეთქეს, ვინაიდან გერმანულმა ჯავშანმატარებელმა ხიდის დასაკავებლად და შემტევი ჯარების დასახმარებლად დაიგვიანა და უსაქმოდ დარჩა.

ბ. დილეის რგოლის შემდეგი დავალება გახდა რადიოსადგურის განადგურება ვარშავაში. ამტკიცებენ, რომ ბაზაზე დაბრუნებისას მეთაურმა იძულებითი დაშვება თითქოსდა საწვავის უკმარისობის გამო მოახდინა, უფრო სავარაუდოდ კი ეს მეზენიტეთა დამსახურება იყო. პოლონეთის კამპანიაში დილეიმ 24 საბრძოლო გაფრენა შეასრულა.

მეორე მსოფლიო ომში პირველ ჩამოგდებულ თვითმფრინავთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, 6.30 სთ-ზე ბალიცეს საველე აეროდრომიდან განგაშზე აიწია არმია „კრაკოვის“ III/2 დივიზიონის 121-ე ესკადრილის გამანადგურებელ PZL P.11-ების წყვილი, ერთ მათგანს მართავდა კაპიტანი მ. მედვეცკი, ხოლო მეორეს პოდპორუჩიკი ვ. გნიში. აფრენიდან მალევე მოპიკირეებზე შეტევის მცდელობისას ორივე სერჟანტ (სხვა ვერსიით – ლეიტენანტ) ფრანკ ნოიბერტის Ju-87B-ს (საბორტო კოდი -T6+GK) წინ აღმოჩნდა. ნოიბერტმა თავისი „შტუკა“ მოატრიალა და ორი გრძელი ჯერი გაუშვა წამყვანის მიმართულებით, და პოლონური თვითმფრინავი აფეთქდა. მიმყოლი შეტევას დაუსხლტა მკვეთრი მანევრით მარჯვნივ და მაღლა. ცოტა ხნის შემდეგ ვ. გნიშმა ორი გერმანული Do-17Е ჩამოაგდო. მეორე ვერსიის თანახმად მეორე მსოფლიო ომში პირველი განადგურებული თვითმფრინავი გახდა Ju-87B I/StG1-იდან, რომელიც ჩამოაგდო გამანადგურებელმა Р.11С-მა 5.30 სთ-ზე.

ფრანკ ნოიბერტი

ასე იყო თუ ისე, მოპიკირეები პოლონეთის კამპანიაში ერთობ წარმატებით მოქმედებდნენ. 1-ლი სექტემბრის ადრე დილით ყველა პოლონურ აეროდრომზე დარტყები განახორციელეს გერმანულმა ბომბდამშენებმა. ლუფტვაფე როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად, მნიშვნელოვნად აღემატებოდა პოლონურ სამხედრო ავიაციას, რომელიც დაახლოებით 400 საბრძოლო თვითმფრინავს მოითვლიდა. „ოფიციალურად“ ომი 4.45 სთ-ზე დაიწყო, ამ დროს „შტუკებმა“ St77-დან პირველი საბრძოლო გაფრენა შეასრულეს – მათ შეუტიეს სასაზღვრო ნაგებობებს ქ. ლიუბლინეცის რაიონში. I./SIG2-ის პილოტებმა პირველი საბრძოლო გაფრენა კრაკოვის აეროდრომზე შეასრულეს, თუმცა ღმოჩნდა, რომ ის ცარიელი იყო: მოწინააღმდეგემ მოასწრო თვითმფრინავების გადაყვანა წინასწარ მომზადებულ და კარგად შენიღბულ სათადარიგო აეროდრომებზე. ასე რომ, გერმანელებს ცარიელი ანგრების დაბომბვა მოუხდათ. მიუხედავად პოლონელთა გააფთრებული წინააღმდეგობისა და მძლავრი საპასუხო დარტყმებისა, როგორიც იყო, მაგალითად, 6 სექტემბერს პოლკოვნიკ ც. პავლიკოვსკის გამანადგურებელი ავიაბრიგადის P.11C-ების მიერ ერთბაშად ოთხი Ju-87-ის ჩამოგდება, „ვერმახტის“ სამხედრო მანქანა თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. 1-ლი სექტემბრის შუადღისთვის ავიადაზვერვა იტყობინებოდა ქ. ველიუნის ჩრდილოეთით პოლონური კავალერიის დიდი დაჯგუფების შესახებ. ნიდერ-ელგიუტის აეროდრომიდან ჰაერში სრული შემადგენლობით აიწია I./SIG2 – 30 Ju-87B, რომელსაც ჯგუფის მეთაური მაიორი ო. დინორტომი (მოგვიანებით გახდა მუხის ფოთლებიანი რაინდის ჯვრის კავალერი) მიუძღვებოდა. იერიშში მათთან ერთად მონაწილეობდა დაახლოებით 60 „შტუკა“ I. და II./SIG77-დან. მასირებული თავდასხმის შედეგად განადგურებული იქნა ვოლინსკის საკავალერიო ბრიგადის შტაბი, ხოლო ბრიგადა, უდიდესი დანაკარგების მიღების შემდეგ, დაიფანტა. 2 სექტემბრის ღამით VI გერმანულმა საარმიო კორპუსმა ველიუნი დაიკავა.

„შტუკები, რომლებიც კვალდაკვალ მიყვებოდნენ შემტევ სახმელეთო ჯარების და ახალ-ახალ აეროდრომებს იკავებდნენ, ხშირად განიცდიდნენ ღამის საცეცხლე იერიშებს გარშემომყოფი პოლონური ჯარების მხრიდან, თუმცა მფრინავებისა და თვითმფრინავებისთვის ყველაფერი სერიოზული შედეგების გარეშე სრულდებოდა. აეროდრომების გარდა, მოპიკირეების სამიზნეებში შედიოდა სარკინიგზო კვანძების, ხიდების, რადიოსადგურების, სამხედრო-საზღვაო ბაზებისა და სხვა „წერტილოვანი“ ობიექტები.

1-ლი სექტემბრის საღამოს მოხდა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში პირველი ბრძოლა მოპიკირეებსა და სამხედრო ხომალდებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავებს მთელი პოლონური ფლოტი ესროდა, 4.(St)/Tr.Gr.l86-სა და IV(St)/ LG1-ის პილოტებმა შეძლეს ყველაზე დიდი პოლონური ხომალდის – ნაღმგადამღობ „გრიფის“ დაზიანება. 3 სექტემბერს ერთმა Ju-87B-მ და 11-მა Ju-87C-მა 4./TGrl86-დან, რომელთაც კაპიტანი ბლატნე-რომი მიუძღვებოდათ, ჩაძირეს საესკადრო ნღმოსანი „ვი-შერი“ და ნაღმგადამღობი „გრიფი“. ხომალდებზე მოიერიშე ავიაციის ეს პირველი გამარჯვებები ლეიტენანტ კ. გ. ლიონის ანგარიშზე ჩაიწერა. რამდენიმე დღის შემდეგ ლიონმა კიდევ ორი მტრალავი და საკანონერო გემი ჩაძირა. თუმცა პოლონური ფლოტის ჰელსკას ბაზის მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მოპიკირეებს დიდ პრობლემებს უქმნიდა. პირველივე იერიშისას მეზენიტეებმა ორი „შტუკა“ ჩამოაგდეს. მასირებული დაბომბვების მიუხედავად, მეზღვაურები სექტემბრის ბოლომდე იცავდნენ თავს.

მოდლინის სიმაგრესა და ვისლაზე არსებულ ხიდებზე იერიშების მსვლელობისას ამ რაიონში „შტუკები“ პირველად წააწყდნენ მძლავრ და კარგად ორგანიზებულ საზენიტო ცეცხლს. შემდგომში მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მათ გამუდმებით სწორედ ასეთ „სტადარტულ“ პირობებში უხებოდათ ბრძოლა.

Ju-87-ებმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს მდინარე ბზურზე მდებარე ქალაქ კუტ-ნოს (ვარშავიდან 100 კმ-ით დასავლეთით) რაიონში მიმდინარე ბრძოლებში. 9-10 სექტემბრის განმავლობაში აქ შემტევი მე-8 და მე-10 გერმანული არმიების ფლანგებს შორის წარმოიქმნა ნაპრალი. მოშიშვლებული ფლანგების შეპირაპირების ადგილზე დარტყმა მიიტანა 12-მა პოლონურმა დივიზიამ, რომლებიც ამგვარად გერმანელების ვარშავისკენ წინსვლის შეჩერებას ცდილობდნენ. ამ კონტრშეტევამ კინაღამ შეცვალა ომის მსვლელობა. ვერმახტს აქ მსხვილი რეზერვები არ გააჩნდა, და საბოლოო ჯამში გერმანელებმა გადაწყვიტეს კონტრშეტევის მოსაგერიებლად ავიაციის მთელი სიმძლავრე გამოეყენებინათ. ორი დღის განმავლობაში მასირებული იერიშებით ჰაერიდან, რომლებშიც მონაწილეობდნენ Ju-87-ები StG77-დან, StG2-დან, III./StG51-დან და I./SIG76-დან (დაახლოებით 150 „შტუკა), Ju-88-ები და Hs-123-ები, თავიდან დანგრეული იქნა ხიდები მდინარე ბზურზე, ხოლო შემდეგ დემორალიზებული და საბოლოოდ განადგურებული იქნა „ქვაბში“ მოხვედრილი 10 პოლონური დივიზია. პოლონელთა კონტრშეტევა ჩავარდა, 18-19 სექტემბერს ალყაში იქნა მოქცეული და ტყედ ჩაბარდა 170000 ადამიანი. დაშინების ზომების სახით მასირებული დარტყმები იქნა მიტანილი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაზე. პრაგასთან (ვარშავის გარეუბანი) „შტუკებმა“ გაანადგურეს მძიმე არტილერიის ბატარეა, რომელიც დამპყრობელთა წინსვლას აფერხებდა. კინოთეატრები მთელს მსოფლიოში ახდენდნენ გერმანული ქრონიკის დემონსტრირებას, რომელშიც აჩვენებდნენ თუ როგორ დაბომბა და ნანგრევებად აქცია დაუცველი ქალაქი 8 სექტემბერს III/StG51-ისა и StG77-ის 140 Ju-87-მა. „იუნკერსები“ სამ-სამ ან უფრო მეტი საბრძოლო გაფრენას ასრულებდნენ დღეში და ქალაქზე 500 ტონაზე მეტი ბომბი და 72 ტონა ცეცხლგამჩენი საშუალება ჩამოყარეს. იერიშები ვარშავასა და მოდლინზე შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა. 26 სექტემბერს კაპიტულირება მოახდინა მოდლინის სიმაგრემ, ამავე დღეს მოდლინზე I/StG2-ის იერიშის დროს დაიკარგა უკანასკნელი „შტუკა“. სულ პოლონეთის კამპანიის დროს 28 Ju-87 ჩამოაგდეს (სხვა მონაცემებით – 31), მათგან 11 გამანადგურებელთა ანგარიშზე იყო.

პოლონეთის კამპანიის 27 დღის განმავლობაში ლუფტვაფეს ჯამურმა დანაკარგებმა 521 თვითმფრინავი შეადგინა, პროცენტული შეფარდებით „შტუკების“ დანაკარგები (9%) მნიშვნელოვნად ნაკლები იყო თვითმფრინავების სხვა ტიპებთან შედარებით (14-30%). საერთო ჯამში ლუფტვაფეს სარდლობა კმაყოფილი დარჩა Ju-87-ების მოქმედებებით პოლონეთის ცაში. „შტუკებს“ – „საჰაერო არტილერიას“ – დარტყმები ძალიან ზუსტად მიჰქონდა (როგორც წესი, ყველა ბომბი თავსდებოდა 30-მეტრიან წრეში) და მათ თავი წარმოაჩინეს ერთობ მრისხანე და ძალიან ეფექტურ იარაღად. დამატებითი და განსაკუთრებით ეფექტური ფსიქოლოგიური ზემოქმედება იყო სირენის გამოყენება მშვიდობიანი მაცხოვრებლებისა და ლტოლვილების წინააღმდეგ, ასევე სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებისას.

პოლონეთის კამპანიის მსვლელობისას საბოლოოდ დამუშავდა მოპიკირეთა მოქმედების ტაქტიკა. თავდაპირველად მფრინავები საზენიტო ცეცხლისგან თავის დასაღწევად სამიზნეს 6 კმ-ის სიმაღლეზე უახლოვდებოდნენ თუმცა ბრძოლების მიმდინარეობისას ნათელი გახდა, რომ სიფრთხილის ასეთი ზომა გადაჭარბებული იყო და სიმაღლე შეამცირეს. თუმცა სხვა „უსაფრთხოების ზომებს“ – შესაძლებლობისას შეტევას მზის მხრიდან და ქარის საწინააღმდეგოდ, მკაცრად შეზღუდულ რადიოსაუბარს უმკაცრესად იცავდნენ და ესენი მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ამოცანის წარმატებით შესრულებას. დაახლოებით 70-გრადუსიანი კუთხით პიკირებისას ეშვებოდა სამუხრუჭე ცხაურები, სიჩქარე მცირდებოდა 200 კმ/სთ-ით (650-დან 450 კმ/სთ-მდე), რაც ხელს უწყობდა უფრო ზუსტ დამიზნებას.

„შტუკები“, სამიზნის ტიპიდან გამომდინარე, უმთავრესად ბომბდაშენის ორ ძირითად ტიპს იყენებდნენ:

• მკვეთრი პიკირება – 2-5 კმ-ის სიმაღლიდან 60-80-გრადუსიანი კუთხით, ბომბის ჩამოგდება 700-1000 მ-ის სიმაღლიდან;

• დამრეცი პიკირება – 700-1500 მ-ის სიმაღლიდან 20-50-გრადუსიანი კუთხით, ბომბის ჩამოგდება 300-600 მ-ის სიმღლიდან.

მცირეზომიან სამიზნეებზე, მაგალითად ხიდებსა და გემებზე, შეტევა ხდებოდა მკვეთრი პიკირებიდან ხიდის (ან გემის მოძრაობის) მიმართულებით და ქარის საწინააღმდეგოდ, რათა შემცირებულიყო ბომბის გვერდითი გადახრა. რკინიგზები იბომბებოდა დამრეცი პიკირებიდან მსხვილკალიბრიანი ბომბების ფრენის მიმართულებასთან მცირე კუთხით. ეშელონებზე, როგორც წესი, აგდებდნენ ბომბებს აფეთქების შემაყოვნებელით. ქვიშიან რაიონებში დაზიანების რადიუსის გასაზრდელად, 1941 წლის მაისიდან დაიწყეს 60-სმ-იან ჩხირ-ამფეთქის მქონე 50-კგ-იანი ბომბების გამოყენება, სახელწოდებით „დინორტის სატაცური“ (იმ მფრინავის საპატივცემულოდ, რომელმაც ეს მარტივი მოწყობილობა გამოიგონა). ჩხირის წვერში არსებულ 8-სმ-იანი “ბლინს” ამფეთქი მოქმედებაში მოჰყავდა მიწის ზედაპირიდან ნახევარ მეტრში, და ნამსხვრევები ყველა მიმართულებით მიფრინავდა, ნაცვლად ქვიშაში ჩამარხვისა.

პოლონეთის კამპანიის მსვლელობისას ჩამოყალიბება დაიწყო მფრინავ-მოპიკირეთა საბრძოლო „ურთიერთდახმარებამ“. მოდლინის სიმაგრეზე იერიშებისას საზენიტო ცეცხლით დაზიანებულმა რამდენიმე Ju-87-მა იძულებითი დაშვება შეასრულა მტრულ ტერიტორიაზე. პილოტები გ. ბრუკი და ა. გლეზერი თავიანთი „შტუკებით“ მათთან დაეშვნენ და მათი ეკიპაჟები გამოიყვანეს. ამ გმირობისთვის 1939 წლის 13 სექტემბერს ორივე მოიერიშე ავიაციის ისტორიაში პირველად დააჯილდოვეს მე-2 კლასის რკინის ჯვრებით.

„შტუკების“ საბრძოლო კარიერაში შემდგომი ეტაპი გახდა მოქმედებები დანიისა და ნორვეგიის წინააღმდეგ (ოპერაცია „Weserubung“ – „სწავლება ვეზერზე“). მასში მონაწილეობდა Ju-87R-l-ების (მოდიფიკაცია Ju-87R „რიხარდი“, რომელიც გამოირჩეოდა თითქმის გაორმაგებული ფრენის სიშორით, თუმცა საბომბე დატვირთვა მხოლოდ ერთი 250 კგ-იანი ბომბით შემოიფარგლებოდა) მხოლოდ ერთი ჯგუფი I/StGl-დან ჰაუპტმან ხოცლერის მეთაურობით, რომელიც ბაზირებული იყო კილ-ხოლტენაუს აეროდრომზე. 10 აპრილს 22-მა მოპიკირემ პირველი იერიში შეასრულა ნორვეგიულ სიმაგრეებს, ანერხუსა და ოსკარბორგზე., რომლებიც ოსლოს ფიორდს ერტყნენ გარს. აქამდე ცოტა ხნით ადრე ამ სანაპირო ბატარეებმა ჩაძირეს მძიმე გერმანული კრეისერი „ბლიუხერი“. თუმცა „ჯეროვანი შურისძიება“ არ მოხერხდა, ფორტ ოსკარბორგის გარნიზონი მხოლოდ მასშემდეგ დანებდა, როცა გერმანული ჯარები ოსლოშ შევიდნენ. მომდევნო დღეს დანიაში მდებარე დროებითი აეროდრომიდან „შტუკები“ შეეცადნენ ნორვეგიის ნაპირებთან გზა გადეჭრათ ინგლისური ესკადრისთვის, თუმცა წარუმატებლად, და უკვე გერმანელების მიერ დაკავებულ სტავან-გერ-სოლის აეროდრომზე დაეშვნენ ნორვეგიაში. დაშვებისას დაიმტვრა ერთი „შტუკა“. აქედან კამპანიის პირველ კვირეებში Ju-87R-ები საბრძოლო გაფრენებს ასრულებდნენ, მიუხედავად ნორვეგიელთა მცდელობებისას დაებლოკათ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები. გერმანელები ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ დაესწროთ მოკავშირეებისთვის, რომლებიც დღე-დღეზე გეგმავდნენ გადასხდომას ნორვეგიაში. „რიხარდები“ ფრონტის ყველა იმ მონაკვეთზე ჩნდებოდნენ, სადაც ისინი საჭირო იყვნენ. მიუხედავად ადრეული გაზაფხულის რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, ეს თვითმფრინავები ერთნაირი ეფექტურობით უტევდნენ ჯარებსაც, სხვადასხვ სახის კომუნიკაციებსაც და ხომალდებსაც.

როდესაც „გლადიატორები“ (Gloster Gladiator SS.37 – ბრიტანული გამანადგურებელი-ბიპლანი) 263-ე ესკადრილიიდან ინგლისურ ავიამზიდ „გლორიესზე“ ჩავიდნენ „შტუკებმა“ გაყინული ტბა დაბომბეს, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ დროებითი აეროდრომის სახით გამოიყენებოდა. ინგლისელებმა უკან დაიხიეს და ახალ პოზიციებზე გამაგრდნენ ნარვიკის მახლობლად, ბარდაფოსსა და ბობოში. მოკავშირეთა ჯარების ფრანგული ნაწილი, რომელიც აანდალსნესიდან და ნამსოსიდან ზღვისკენ იხევდა უკან, მოპიკირეთა გამუდმებულ იერიშებს განიცდიდა, რომლებმაც რამდენიმე სამხედრო-სატრანსპორტო გემი ჩაძირეს და დააზიანეს, მათ შორის ჰაერსაწინაღო თავდაცვის კრეისერი „კაირო“ და ორი საესკადრო ნაღმოსანი – ბრიტანული „ეფრიდი“ და ფრანგული „ბიზონი“.

17 აპრილს ბრიტანული მძიმე კრეისერი „საფოლკი“ ბომბავდა სოლის ავიაბაზას მასზე ბაზირებული გერმანული საექსპედიციო კორპუსის თვითმფრინავებთნ ერთად. პასუხად „შტუკებმა“ Не-111-ებთან ერთად კრეისერს რამდენიმე პირდაპირი მოხვედრა მიაღებინეს, მათ შორის მთავარი კალიბრის კოშკურაშიც. 19 აპრილს ინგლისური ხომალდების თავდასხმისას ნამსენ-ფიორდში დაკარგული იქნა კიდევ ერთი Ju-87R. 25 აპრილს შვიდი „შტუკა“ განადგურებული იქნა „სკიუების“ (Blackburn B-24 Skua – ბრიტანული საგემბანო გამანადგურებელი/მოპიკირე ბომბდამშენი) აეროდრომზე ავიამზიდ „გლორიესიდან“. 1-ლ მაისს Ju-87R-ების სამმა ესკადრილიამ ერთი-მეორის მიყოლებით შეუტია ინგლისურ საავიამზიდო შენაერთს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა „არკ-როიალი“ და „გლორიესი“. პირველმა „მიიღო“ 500-კგ-იანი ბომბი ბორტიდან 9 მეტრში, რომელსაც სერიოზული დაზიანებები არ გამოუწვევია, ხოლო მეორე მხოლოდ 8 ივნისს იქნა განადგურებული გერმანული სახაზო კრეისერების, „შარნხორსტისა“ და „გნეიზენაუს“ მიერ.

1940 წლის აპრილ-მაისში პოლ-ვერნერ ჰოცელის „შტუკებმა“ მიერ ნორვეგიის სანაპიროსთან რამდენიმე დიდი გემი ჩაძირეს, როემლთა საერთო წყალწყვა 60 ათასი ტონას შეადგენდა. 8 მაისს ჰოცელი და კიდევ სამ პილოტი I./ StG1-დან გახდნენ მოიერიშე ავიაციაში რაიონდის ჯვრების პირველი კავალერები.

გერმანელების მიერ ნორვეგიის ცენტრალური ნაწილის დაკავების შემდეგ საბრძლო მოქმედებებმა თანდათანობით ჩრდილოეთით ნარვიკას რაიონში გადაიწია. 27 მაისს 11-მა „შტუკამ“ ქ. ბუდეში რადიოსადგური და აეროდრომი დაბომბა.

გამანადგურებელთა დაფარვის მიუხედავად (Me-110-ების სამეული) ერთი მოპიკირე განადგურებული იქნა ბომბების ქვეშ აფრენილი ინგლისური „გლადიატორის“ მიერ (პილოტი – ლეიტენანტი კ. გული). ამავე დღეს მოპიკირეებმა დაბომბეს ნარვიკი, რა დროსაც ხუთასამდე სახლი დაინგრა, ხოლო ნანგრევებში 15 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.

დანიასა და ნორვეგიაში შეჭერისას ლუფტვაფემ 16 Ju-87 დაკარგა, თუმცა გერმანული სარდლობისთვის ყველაზე უსიამოვნო აღმოჩენა იყო ის, რომ „შტუკები“ გამანადგურებელთა დაფარვის გარეშე პრაქტიკულად დაუცველი აღმოჩნდნენ. გლოსტერ „გლადიატორის“ ტიპის მოძველებული ბიპლანებიც კი ადვილად აგდებდნე Ju-87-ებს, როგორც ეს გააკეთა სერჟანტმა ნ. კიტჩინერმა 1940 წლის 2 ივნისს, რომელმაც ორი წუთის განმავლობაში პილოტების, კ. ჰიუბერისა და ჰ. ოტტოს ორი Ju-87R დაცხრილა (პირველი დაიღუპა, მეორე იძულებითზე დაჯდა). ამავე დღეს ორმა „გლადიატორმა“ ჩამოაგდო 2./StG1 მეთაური ობერ-ლეიტენანტი ჰ. ბეხმე.

ფრანგული ბლიცკრიგი

ნორვეგიის კამპანია „შტუკებისთვის“ მეორეხარისხოვანი ოპერაცია აღმოჩნდა, სულ მხოლოდ ლუფტვაფეს მომზადების ელემენტი უფრო მსხვილი ბრძოლებისთვის საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში, სადაც ჰიტლერული ჯარები 1940 წლის მაისში შეიჭრნენ. ორ საავიაციო კორპუსში (მე-2 და მე-8) ირიცხებოდა 358 (სხვა მონაცემებით – 342) მანქანა, თუმცა მათგან მხოლოდ 38 იყო „შორეული“ „რიხარდი“. მე-2 კორპუსში შედიოდა I/StGl, II/S1G2, III/ StG51 და „საავიამზიდო-სახმელეთო“ 4./ TGrl86 Ju-87B-ებით. მე-8 ავიაკორპუსის შემადგენლობაში იმყოფებოდა I და III/StG2, I/ StG76, I და II/SIG77, IV (St)/LG1.

1940 წლის 10 მაისს დაწყებული ოპერაცია „ყვითელი გეგმის“ – შეტევა ბელგიასა და ჰოლანდიაზე – მთავარი სამიზნეს წარმოადგენდა ანგლო-აფრიკული ნაწილების მოცდენა ადრე მომზადებულ პოზიციებზე ბელგიის საზღვრის გასწვრივ, რათა შემდგომში და დაეხლიჩათ ისინი სტანკო და მოტორიზებული დივიზიების დარტყმებით და მიეწნიხათ ისინი ლა მანშის სანაპიროზე.

თვდაცვის ძირითადი კვანძი იყო ფორტი ებენ-ემაელი, რომელიც იცავდა ადგილს სასაზღვრო მაასტრიხტის მახლობლად და სამ ხიდს ალბერტის არხზე. ხიდების შენარჩუნება აუცილებელი იყო გერმანული ტანკებისთვის. 10 მაისის მთელი დღის განმავლობაში Ju-87-ები StG2-დან და I./StG76-დან ბომბავდნენ ყაზარმებსა და სიმაგრეებს ებენ-ემაელში, რითაც უზრუნველყვეს 70 (ან 78) გერმანელი პარაშუტისტის დესანტირება და 1200 ბელგიელის ალყაში მოქცევა. ამავე დღეს I./StG2-მა ლეიტენანტ ვ. ლანგომის მეთაურობით 6 საბრძოლო გაფრენა შეასრულა, ისინი გამანადგურებლებს ჰაერში არ შეხვედრიან. მედესანტეებმა ჩაახშვეს ფორტის ქვემეხები, ხოლო „შტუკებმა“ პოლონური ექსპერიმენტი გაიმეორეს, დაბომბეს რა ცალკეული შენობა სოფელ ლანა-ეკენში, სადაც დაზვერვის მონაცემებით განლაგებული იყო სამეთაურო პუნქტი, რომლიდანაც შეიძლება გაცემულიყო ბრძანება ხიდების ასაფეთქებლად. მფრინავებმა, ისევე როგორც პოლონეთში, პოლიგონზე ერთკვირიანი წინასწარი მომზადებების შემდეგ ამოცანა შეასრული, თუმცა ბელგიელებმა ერთი ხიდი მაინც ააფეთქეს.

Ju-87-ებმა StG77-იდან, კიოლნის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ, თავიანთ პირველი საბრძოლო გაფრენისას დასავლეთში შეუტიეს ბელგიურ სიმაგრეს მდინარე მაასზე. ამავე დღის საღამოს StG77-მა StG2-თან ერთად მასირებული იერიში განახორციელა ანტვერპენის პორტზე. საბრძოლო მოქმედებების პირველი დღე ლუფტვაფეს 12 Ju-87-ად დაუჯდა, მათგან უმრავლესობა StG2-დან და I./StG76-დან იყო, ყველა მათგანი მეზენიტეებმა ჩამოაგდეს. 9./StG2-ში დაიმტვრა 4 Ju-87, რომელებიც ჰაერში შეეჯახნენ ერთმანეთთს, 3./ StG77-მა დაკარგა ორი მანქანა.

უკვე მომდევნო დღეს შედგა პირველი შეხვედრა ინგლისურ გამანადგურებლებთან, როდესაც 6-მა „ჰარიკეინმა“ ბრიუსელის აღმოსავლეთით StG2-ის 60 Ju-87-ს გადაუჭრა გზა. აქ პირველად გამოაშკარავდა „შტუკების“ ნაკლოვანებები – არასაკმარისი სიჩქარე, სუსტი დაცულობა და თავდაცვითი შეიარაღება. ჩამოგდებული იქნა ექვსი მოპიკირე, კიდევ რადენიმემ დაზიანებები მიიღო.

ბრძოლების დაწყებიდან Ju-87-ების მსხვილმა შენაერთებმა, ერთდროულად 100 მანქანამდე, იერიშები მიიტანეს გამაგრებებზე კალეს რაიონში. „შტუკებმა“ I.(St)/Tr.Gr.l86-დან მაიორ ვ. ჰაგენის მეთაურობით დაბომბა ხიდები მდინარე მაასზე ლეჟის რაიონში. მოპიკირეებმა ასევე დაანგრიეს ხიდები მდინარე მაასზე როტერდამის ცენტრში, დიუნკერკის რაიონში დაბომბეს ორი შლუზი, შემდეგ ბიუნეში დაანგრიეს სარკინიგზო გზები და გაანადგურეს საბრძოლო მასალებით დატვირთული მატარებელი. ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გახდა II./StG2 ჰაუპტმან ვ. ენეკერუსის მეთაურობით. მისმა მფრინავებმა წარმატებით დაბომბეს სიმაგრეები მაასტრიხტისა და ლეჟის რაიონში, ფრანგული ტანკები ფლიპვილიასთან, შემდეგ ხომალდები დიუნკერკის, გავრისა და ლა-როშელის რაიონში.

10-12 მაისს მოპიკირეებმა შეუტიეს ხომალდებსა და საპორტო ნაგებობებს ანტვერპენში, მხარი დაუჭირეს გერმანული ჯავშანსატანკო ნაწილების შეტევას ლეჟზე. 13-14 მაისს „შტუკების“ მხარდაჭერით, რომლებიც ბომბავდნენ მოწინააღმდეგის საარტილერიო პოზიციებს და მათ ბოლომდე დემორალიზებას ახდენდნენ, ნაცისტებმა მაასის ფორსირება მოახდინეს. 14 მაისი აღინიშნა მწვავე შერკინებებით ჰაერში: მოკავშირეებმა დაახლოებით 200 თვითმფრინავი დაკარგეს, მათგან მხოლოდ 17 მოდიოდა მეზენიტეების ანგარიშზე. ლუფტვაფეს დანაკარგებმა სულ მხოლოდ 35 მანქანა შეადგინა, მათგან 11 „შტუკა“ იყო, თუცა ინგლისური ჯავშანსატანკო ნაწილებზე შეტევისას ლა-ჩესნეს რაიონში სედანთან დაიღუპა ესკადრა StG77-ის მეთაური პოლკოვნიკი გ. შვარცკოფი. იგი მაიორმა ფონ შენბორნმა შეცვალა.

მაასის ფორსირების შემდეგ მე-12 გერმანული არმიის 5-მა სატანკო დივიზიამ სწრაფად წაიწია წინ ლა მანშის სანაპიროსკენ. სწორედ აქ „ვარსკვლავური საათი“ დაუდგათ მოპიკირეებს. ხელს არ უშლიდნენ ბრიტანული ჯარების გადაადგილებას ბელგიაში, ისინი მომენტალურად, თავიანთი ტანკისტების პირველსავე მოწოდებაზე გამოჩდნენ მათ თავზე, რათა ჩაეხშოთ ნებისმიერი უმცირესი ორგანიზებული წინააღმდეგობა. 18 მაისს Ju-87В-ებმა StG2-დან ორჯერ დაბომბეს სამხედრო ეშელონები სუასონში, მომდევნო დღეს ჩაშალეს ფრანგების სატანკო კონრშეტევის ორგანიზების მცდელობა ლანის რაიონში. ფრანგულმა ჰსთ-მ მოპიკირეებისთვის წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე საზენიტო ქვემეხის დაპირისპირება შეძლო. გარდა ამისა, მოკავშირე ჯარები განიცდიდნენ სულ უფრო და უფრო ძლიერ მადემორალიზებელ ზემოქმედებას განუწყვეტლივ შემტევი (და ამასთან საშინლად მოღმუილე) მოპიკირე ბომბდამშენებისაგან. 1940 წლის მაის-ივნისში სულ მხოლოდ „შტუკას“ ხსენeბაც საკმარისი იყო დასავლეთ ევროპის გზებზე შიშისა და პანიკის დასათესად როგორც სამხედრო კოლონებს, ისე ლტოლვილებსა და სამოქალაქო მცხოვრებლებს შორის.

მიუხედავად ჯავშანსატანკო ნაწილების მუდმივი მხარდაჭერისა, ბრიტანული ჯარები ორკვირიან ვადაში გადაყრილნი იქნენ დიუნკერკთან. ამავე დროს „იუნკერსები“ ყოველდღიურად ბომბავდნენ უკანდახეულ ჯარებს. 20 მაისს მე-2 სატანკო დივიზიის მოწინავე რაზმები ლა მანშის სანაპიროზე გავიდნენ აბვი-ლიას რაიონში. დიუნკერკის რაიონში ალყაში აღმოჩნდა ინგლისური, ბელგიური და ფრანგული ჯარების დაახლოებით 30 დივიზია. „შტუკების“ მასირებული იერიშებით მოგერიებული იქნა სამხრეთისკენ გარღვევის მცდელობები, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა პორტი სანაპიროზე გერმანულმა ჯარებმა დაიკავეს. 25-26 მაისს დაეცა ბულონი და კალე, რომლებიც აქამდე ძირითადი სამიზნეები იყვნენ Ju-87-ებისთვის სენ პოლის, სენ კვენტინისა და სხვა აეროდრომებთან ერთად.

ინგლისელებმა, მოკავშირეებისადმი შეტყობინების გარეშე, 20-დან 26 მაისამდე მოასწრეს დაახლოებით 60 ათასი ჯარისკაცის ევაკუირება, ოპერაცია „დინამო“ (საერთო ევაკუაცია) დაიწყო 26 მაისის საღამოს. ამავდროულად რაიხსმარშალმა გერინგმა ხმამაღლა განაცხადა, რომ დიუნკერკი ლუფტვაფეს მთავარი სამიზნე უნდა გამხდარიყო. მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში მოპიკირეთა შენაერთების უმეტესობა ჩართული იყო დიუნკერკის რაიონში ალყაშემორტყმული მოკავშირეთა დაჯგუფებისა და მათი ევაკუაციისთვის გამოყოფილი გემების განადგურებაში.

ჯერ კიდევ 23-24 მაისს „შტუკებმა“ ჩაძირეს ფრანგული საესკადრო ნაღმოსნები „ორაჟი“ და „ჟაკალი“, ინგლისური საესკადრო ნაღმოსანი „უესექსი“, დაზიანებები მიიღეს ფრანგულმა საესკადრო ნაღმოსნებმა „ფრონდერმა“ და „ფუშემ“, ინგლისურმა „ვიმერამ“, პოლონურმა „ბუჟამ“. მასობრივი ევაკუაციის დაწყებიდან ფლოტი მძიმე დანაკარგებს განიცდიდა. 27 მაისს დიუნკერკის ნავსადგურში Ju-87-ებმა 12 იერიში განახორციელეს, ჩაძირეს ბორანი თითქმის ათასი ევაკუირებული ჯარისკაცით. 29 მაისს „შტუკებმა“ ჩაძირეს ექვსი გემი, მათ შორის ინგლისური საესკადრო ნაღმოსანი „გრენადე“ და ბორანი „კრესტედ იგლი“. ხომალდების დიდიმა რაოდენობამ მიიღო სერიოზული დაზიანებები. დაბომბვების შედეგად დაზიანებული იქნა ნავსადგურის ტალღმტეხი, და ჯარების გემებში ჩასხდომა პირდაპირ ქვიშიანი ნაპირიდან ხდებოდა.

1-ლ ივნისს ორდღიანი არასაფრენის ამინდის შემდეგ Ju-87-ების სამმა შენაერთმა მე-8 აავიაკორპუსმა სამი მასირებული შეტევით სანაპიროსა და ხომალდებზე ჩაძირეს ინგლისური საესკადრო ნაღმოსნები „ბასილისკი“, „ჰავენტი“, „ქეითი“, ფრანგული „ფუდროიანტი“, მრავალა პატარა გემი, გარდა ამისა, ძლიერ დააზიანეს კიდევ ორი საესკადრო ნაღმოსანი და მტრალავი. სულ მოკავშირეებმა დაკარგეს 31 ხომალდი, კიდევ 11-მა სერიოზული დაზიანებები მიიღო. „იუნკერსები“ პრაქტიკულად დღეღამურად ბომბავდნენ ჯარებით გადავსებულ ხომალდებს, ჩაძირეს 9 ინგლისური და 7 ფრანგული საესკადრო ნაღმოსანი, ასევე დაახლოებით 250 სხვა გემი. ევაკუაცია დასრულდა 2 ივნისს, სულ მოხერხდა დაახლოებით 280 ათასი მებრძოლის გადარჩენა, 4 ივნისს 40 ათასმა ფრანგი, რომელიც დიუნკერკს ფარავდა, ტყვედ ჩაბარდა.

მიუხედავად ამისა, ინგლისის სანაპიროზე დისლოცირებული „სპიტფაიერებისა“ და „ჰარიკეინების“ ესკადრილიები მოწინააღმდეგეს დიუნკერკისა და ლა მანშის ცაში გრიგლისებური ცეცხლით ხვდებოდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ ევაკუირებული ნაწილების დასაცავად. დიუნკერკის თავზე მეზენიტეებმა და გამანადგურებლებმა 11 მოპიკირე ჩამოაგდეს, და მალე ნათელი გახდა, რომ ლეგენდარული Ju-87-ები არც ისე მოუწყვლადები იყვნენ, როგორც ეს აქამდე ჩანდა.

5 ივნისს მოკავშირე ჯარებმა პრაქტიკულად შეწყვიტეს წინააღმდეგობა, და „შტუკებიც“ საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში გადაისროლეს, სადაც დაიწყო შეტევა პარიზზე. ერთი კვირის შემდეგ გერმანულმა ტანკებმა პარიზის აღმოსავლეთით მოახდინეს მდინარე მარნას ფორსირება. მიუხედავად სულ უფრო მზარდი უკანდახევის ქაოსისა, წარმოიქმნა წინააღმდეგობის კვანძები. Ju-87-ებმა I./StG2-დან, ჰ. ჰიჩჰოლდის წინამძღოლობით, პარიზის ჩრდილოეთით შარლ დე გოლის კორპუსის ტანკები დაბომბეს, რა დროსაც 20-დან 30-მდე ტანკი გაანადგურეს. ამით მფრინავებმა აღკვეთეს კონტრდარტყმა შემტევი გერმანული ჯარების ფლანგში და დაასრულეს ფრანგული არმიის განადგურება, რის შემდეგაც საფრანგეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა. 20 ივნისს პირველი Ju-87-ების პილოტებიდან რაინდის ჯვრის კავალერი გახდა StG2-ის კავალერი ვიცე-პოლკოვნიკი ოსკარ დინორტი.

ლუფტვაფეს მოპიკირეების საერთო დანაკარგებმა ბრძოლების ორი არასრული თვის განმავლობაში შეადგინა 123 განადგურებული (სხვა მონაცემებით – 120) და 41 დაზიანებული თვითმფრინავი – დაახლოებით მთელი შემადგენლობის ნახევარი. ამ რიცხვში შედის ის თვითმფრინავებიც, რომლებიც ავარიების შედეგად დაიკარგა. უკანასკნელი არასაბრძოლო დანაკარგი გახდა ორი Ju-87 III./StG51-დან, რომლებიც 18 ივნის ჰაერში შეეჯახნენ ერთმანეთს ნიველ-ლემის თავზე. თუმცა დანაკარგები ოთხჯერ აღემატებოდა პოლონეთის კამპანიისას, ეს მეთაურობა დიდად არ აშფოთებდა, ვინაიდან დანაკარები ეკიპაჟებში მცირე იყო. ამასთან ერთად ეს იყო „განგაშის პირველი ზარი“. სწორედ ამ კამპანიაში გაუწიეს პირველად „შტუკებს“ ძლიერი წინააღმდეგობა.

იხილეთ აგრეთვე:

წყარო:

Airwar.ru

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s