Оплот – М


Оплот – М

ძირითადი საბრძოლო ტანკი

უკრაინული ძირითადი საბრძოლო ტანკი Оплот-M-ი წარმოადგენს პირვანდელი Т-84У Оплот-ის ტიპის ტანკის მოდერნიზებულ ვარიანტს, რომელიც, თავის მხრივ T-84-ის ბაზაზეა დაფუძნებული. ახალი ტანკის პირველი საჯარო ჩვენება 2008 წელს მოხდა.  მიუხედავად იმისა, რომ ტანკი ახალია, მისი კომპონენტების უმრავლესობა გასული სუკუნის 90-იან წლებშია შექმნილი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი ტანკი შეიარაღებაში 2009 წელს მიიღო, ტანკების პირველი პარტია, რომელიც 10 ერთეული საბრძოლო მანქანისაგან შედგებოდა, შეიარაღებულ ძალებს 2009 წელს გადაეცა. უკრაინის არმიამ მაშინ თითოეულ ტანკში 29.5 მილიონი გრივნა გადაიხადა.  

ძირითადი საბრძოლო ტანკი „ოპლოტ-M“ ქალაქ ხარკოვში მდებარე ა. მოროზოვის სახელობის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროში დაპროექტდა და შემუშავდა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის. „ოპლოტი“ თავის მომხმარებლებს მაღალი დონის დაცვას და ასევე მაღალ მობილურობას სთავაზობს. აღნიშნულ ტანკს თავისი შეიარაღებით ეფექტურო ბრძოლის წარმოება შეუძლია არა მხოლო სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ, არამედ ასევე დაბალ სიმაღლეზე დაბალი სიჩქარით მფრენი შვეულმფრენების წინააღმდეგაც კი.

BM „ოპლოტი“ (BM – боевая машина) ან იგივე „ოპლოტ – M“ (შეიარაღებაში მიღების შემდეგ ეს სახელი ეწოდა, მის დასახელებაში არსებული ასო „M“ „მოდერნიზებულს“ აღნიშნავს) როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, T-84 „ოპლოტის“ ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკის ღრმად მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს. ტანკს, ისევე როგორც მის საბაზისო მოდელ  T-84-ს, კლასიკური კომპონირების სქემა გააჩნია: მძღოლ-მექანიკოსი ტანკის კორპუსის წინა ნაწილში არის განთავსებული, საბრძოლო განყოფილება კორპუსის შუაში მდებარეობს, ხოლო ტანკის ძრავა და ტრანსმისია უკანა ნაწილშია მოთავსებული.

„ოპლოტის“ ეკიპაჟი სამი კაცისაგან შედგება, ესენია: მეთაური, მემიზნე-ოპერატორი და მძღოლ-მექანიკოსი. როგორც უკვე ვთქვით, მძღოლ-მექანიკოსი ტანკის კორპუსის წინა ნაწილის ცენტრშია მოთავსებული, მისი სამუშაო ადგილი ერთი ლუქით არის აღჭურვილი, რომელიც მარჯვენა მხარეს იხსნება. ტანკის მეთაურის სამუშაო ადგილი კოშკურის მარჯვენა მხარეს, ხოლო მემიზნე-ოპერატორის სამუშაო ადგილი კი კოშკურის მარცხენა მხარესაა განთავსებული. თითოეული მათგანის სამუშაო ადგილი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური ლუქებით.

„ოპლოტ – M“-ის სიგრძე წინ გამოწეული ქვემეხის ლულით 9.7 მეტრია, სიგანე, მოსახსნელი გვერდითი ეკრანების გარეშე, – 3.4 მეტრი, ხოლო სიმაღლე – 2.8 მეტრი. ძირითადი საბრძოლო ტანკის საბრძოლო წონა 51 ტონას შეადგენს.

ძირითადი საბრძოლო ტანკის მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილი წინეხდვისათვის სამი ერთეული პერისკოპითაა აღჭურვილი. შესაძლებელია  ამ სამიდან ცენტრში განთავსებული პერისკოპი მოხსნა და მის ნაცვლად ღამის ხედვის მოწყობილობა დაყენება, რაც მძღოლ-მექანიკოსს გაუადვილებს  ტანკის მართვას ღამის პირობებში.

„ოპლოტის“ ცეცხლის მართვის სისტემა მოიცავს მემიზნე-ოპერატორის დღის სამიზნეს, მეთაურის პანორამულ სამიზნე სისტემას, თერმული ხედვის სამიზნეს, ჰაერსაწინააღმდეგო სამიზნესა და საზენიტო ტყვიამფრქვევის მართვის სისტემას. ტანკი ასევე აღჭურვილია ЛИО-В-ს ტიპის ბალისტიკური კომპიუტერითა და შეიარაღების სტაბილიზების სისტემით.

ტანკის ცეცხლის მართვის სისტემა უმაღლესი დონისაა, ის მემიზნე-ოპერატორს მოძრავი მდგომარეობიდან მაღალი სიზუსტის ცეცხლის წარმოების შესაძლებლობას აძლევს. ასევე აღსანიშნავია, რომ შეიარაღების მართვა შესაძლებელია მემიზნე-ოპერატორიდან მეთაურს გადაეცეს. აღნიშნული ცეცხლის მართვის სისტემა ტანკს ასევე ანიჭებს მოძრაობის დროს  მოძრავი ან სტაციონარული სამიზნის პირველივე გასროლით განადგურების მაღალ ალბათობას.

უკრაინული ძირითადი საბრძოლო ტანკი „ოპლოტ-M“ შეიარაღებულია  ორ სიბრტყეში სტაბილიზებული  КБА3-ის ტიპის 125-მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით. ქვემეხი აღჭურვილია დამწვარი დენთის აირების გამომდევნი ეჟექტორითა და თერმული საფარით. ქვემეხის დატენვა ავტომატური დატენვის სისტემით ხდება, რომელიც ჭურვების კონვოიერით, ავტომატური დამტენითა და მართვის სისტემით არის   აღჭურვილი. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 46 ერთეული ჭურვისაგან შედგება. 46 ჭურვიდან 28 ერთეული ავტომატური დამტენის მჭიდშია მოთავსებული. ტანკის საბრძოლო კომპლექტში შედის ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი, კუმულაციური და მსხვრევად-ფუგასური ჭურვები. ტანკის სწრაფსროლა წუთში 8 გასროლას შეადგენს.

ტანკის ქვემეხით, ჩვეულებრივი ჭურვების გარდა, ასევე შესაძლებელია Комбат-ის ტიპის ლაზერით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გასროლა. ამ რაკეტის მოქმედების მაქსიმალური მანძილი დაახლოებით 5000 მეტრია და მას ძირითადი საბრძოლო ტანკების, მსუბუქი და მძიმე ჯავშანტექნიკისა თუ დაბალ სიმაღლეზე ნელი სიჩქარით მფრენი ან ჰაერში ჩამოკიდებული შვეულმფრენების განადგურება შეუძლია. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც ტანკიც და სამიზნეც მოძრავ მდგომარეობაში იმყოფებიან. რაკეტას  ტანდემურად განთავსებული ორი კუმულაციური საბრძოლო ქობინი გააჩნია, რომელთაგანაც პირველი  სამიზნის დინამიკური დაცვის ელემენტების აფეთქებას იწვევს, ხოლო მეორე და ძირითადი ქობინი უკვე დინამიკური დაცვის გარეშე დარჩენილი სამიზნის ძირითად ჯავშანს აზიანებს. დინამიკური დაცვის გადალახვის შემდეგ რაკეტას 750 მმ-ზე მეტი სისქის ჯავშნის გახვრეტა შეუძლია.

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „კომბატის“ სროლა შესაძლებელია 30 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ტანკიდან, ხოლო სამიზნის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 70 კმ/სთ-ს.

ქვემეხის გარდა ტანკი ასევე შეიარაღებულია ქვემეხთან შეწყვილებული KT-ს ტიპის 7.62-მმ-იანი ტყვიამფრქვევითა და კოშკურაზე დამონტაჟებული დისტანციურად მართვადი 12.7-მმ-იანი მძიმე საზენიტო ტყვიამფრქვევით. 7.62-მმ-იანი შეწყვილებული ტყვიამფრქვევისათვის 1 250 ვაზნაა განკუთვნილი, ხოლო საზენიტო 12.7-მმ-იანი ტყვიამფრქვევისათვის – 450 ვაზნა. გარდა ამისა, ტანკის ეკიპაჟის წევრები, პერსონალური თავდაცვისათვის, ასევე აღჭურვილნი არიან АКС-ის ტიპის ავტომატებითაც.

„ოპლოტ-M“-ს თავდაცვის კომბინირებული სისტემა გააჩნია, რომელიც პასიურ ჯავშანს, ჩაშენებულ დინამიკური დაცვის კომპლექსსა და მთელ რიგ სხვა დაცვის სისტემებს მოიცავს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ზრდის ტანკის სიცოცხლისუნარიანობას ბრძოლის ველზე.

ტანკის მრავალფენიანი ჯავშანი ჯავშანფურცლებითა და კერამიკული მასალებისაგან შედგება. კოშკურის სახურავი მთლიანად დაშტამპული ფოლადისაგანაა დამზადებული.

“ოპლოტის” კორპუსის წინა ნაწილი, კოშკურა და ტანკის ბორტები ახალი თაობის Дуплет-ის ტიპის ჩაშენებული დინამიკური დაცვის კომპლექსით არის დაცული, რომელიც ტანკის დაცვას ტანდემური ქობინით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისაგან,  რეაქტიული ყუმბარებისაგან, ჯავშანგამტან-ფუგასური და კუმულაციური ჭურვებისაგან უზრუნველყოფს. ის ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვების მოქმედების ეფექტსაც.

დინამიკური დაცვის კომპლექსის მოდულური კონსტრუქციის გამო დაზიანებული ან დაძველებული ელემენტების შეცვლა მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი. „ოპლოტ-M“-ის კორპუსის ბორტებზე  ფართო რეზინის ეკრანებია დაყენებული, რომლების უზრუნველყოფენ დამატებით დაცვას ხელის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების, მაგალითად, РПГ-7-ის  კუმულაციურქობინიანი რეაქტიული ყუმბარებისაგან.

Дуплет-ის ტიპის დინამიკური დაცვის ელემენტები დეტონაციას არ განიცდის 12.7 მმ კალიბრის ტყვიების, 30 მმ  კალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვების ან მსხვილკალიბრინი საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების ზემოქმედების შედეგად. ამასთანავე აღნიშნული ტიპის დინამიკური დაცვა არ საჭიროებს ზედმეტ მომსახურებასა და გამოყენებისას უსაფრთხოების განაკუთრებული ზომების მიღებას. დინამიკური დაცის ტანკზე დამონტაჟება სპეციალური მოწყობილობების გარეშე, მხოლოდ ეკიპაჟის წევრებს თავისი ძალებით 2.5-3 საათში შეუძლიათ.

 

„Оплот-М“-ის მწარმოებელთა მტკიცებით,  ტანდემური კუმულაციური ქობინების საწინაამდეგო ჩაშენებული დინამიკური დაცვის სისტემა Дуплет -ი უზრუნველყოფს ტანკის დაცვას შემდეგი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისაგან:

  • ხელისა და დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან, ასევე უუკუგორებო იარაღებიდან ნასროლი ტანდემური კუმულაციურქობინიანი გასროლებისაგან;
  • TOW-2-ის, MILAN-ისა და Штурм-С-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისაგან;
  • 125 მმ კალიბრის გლუვლულიანი სატანკო ქვემეხების კუმულაციური ჭურვებისაგან (3БК18М, 3БК18, 3БК14М, 3БК14);
  • 125 მმ კალიბრის გლუვლულიანი სატანკო ქვემეხიდან ნასროლი ქვეკალიბრის ჯავანგამტანი ჭურვებისაგან (3БМ22, 3БМ26, 3БМ42) და 120 მმ კალიბრის ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვებისაგან.

უნდა აღინიშნოს, რომ ტანკის კოშკურის სახურავზე დაყენებულია დამატებითი დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი ტანკსაწინააღმდეგო იარაღებისაგან დაცვას, როგორიცაა, მაგალთად, ამერიკული FGM-148 Javelin-ი, ანუ ე. წ. “Top-Attack” საშუალებებისაგან, რომლებიც ტანკებს კოშკურის ზემოდან, ერთ-ერთ ყველაზე სუსტად დაცული ადგილიდან უტევენ.

ძირითადი საბრძოლო ტანკი „ოპლოტი“ მუხლუხების ქვეშ 10 კგ ტროტილის ეკვივალენტ აფეთქება უძლებს, ხოლო მძღოლ-მექანიკოსის განყოფილების ქვეშ კი – 4 კილოგრამი ტრიტილის ეკვივალენტ აფეთქებას.

Оплот-М“ აღჭურვილია Варта-ს ტიპის ოპტიკურ-ელექტრონული ჩახშობის სისტემით, რომელიც ტანკის ეკიპაჟის გაფრთხილებას ტანკისკენ წამოსული მაღალი სიზუსტის ლაზერით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების აღმოჩენისას უზრუნველყოფს. ამის შემდეგ სისტემა ავტომატურად ააქტიურებს კვამლის / აეროზოლის ფარდის დამყენებელ სისტემას და ტანკის გარშემო აეროზოლის ფარდას ქმნის. აეროზოლის ფარდის დამყენებელი სისტემა 12 ერთეული გამშვები მოწყობილობისაგან და სისტემის მუშაობის რეჟიმის შესარჩევი მართვის პულტისაგან შედგება. რაჟიმები კი შემდეგნაირია: ავტომატური, ნახევრად ავტომატური და ხელით მართვის. აეროზოლის ყუმბარებს კი შეუძლია შექმნას ისეთი საფარი, რომლის მიღმა გახდევაც შეუძლებელი იქნება თერმული ხედვის მოწყობილობით აღჭურვილი მოწინააღმდეგისთვისაც კი.  რის შედეგადაც რაკეტის ოპერატორი სამიზნეს ვერ ხედავს, ხოლო ტანკს რაკეტის აცილება მანევრირებით შეუძლია.

აქტიური დაცვის სისტემა Варта-ს ასევე წყობიდან გამოყავს ინფრაწითელ დიაპაზონში მოქმედი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების მართვის სისტემა. ტანკის გარეთ დამონტაჟებული სენსორები აფიქსირებენ ტანკისაკენ დამიზნებული ლაზერის სხივს, მის შემდეგ ხდება ლაზერული წყაროს ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა მემიზნე-ოპერატორის გაფრთხილება, რომელიც ტანკის კოშკურას მომავალი საფრთხისაკენ აბრუნებს. ამის შემდეგ ირთვება აქტიური დაცვის კომპლექსში შემავალი ორი ელექტრომაგნიტური გენერეტორი, რომლებიც ტანკის კოშკურაზე, ლულის ორივე მხარესაა დაყენებული. ისინი იწყებენ მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური სხივების გამომუშავებასა და ლაზერული სხივის წყაროსაკენ გაგზავნას. ამ მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური სხივების ზემოქმედების შედეგად წყობიდან გამოდის რაკეტის დამიზნების სისტემა და ის მიზანს სცდება.

ძირითადი საბრძოლო ტანკის ეკიპაჟი დაცულია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან. ტანკზე დამონტაჟებულია ატომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. ტანკზე  ასევე შესაძლებელია ნაღმსაწინააღმდეგო ტრალის დაყენებაც.

ძირითადი საბრძოლო ტანკის შასის თითოეულ მხარეს ექვს – ექვსი წყვილი საყრდენი ბორბალია განთავსებული, რომლებზედაც რეზინის რგოლებია შემოხვეული.  ე. წ. ზარმაცი თვალი მუხლუხების წინა ნაწილშია განთავსებული, ხოლო წამყვანი თვალი – უკან.

ძალური დანადგარის სახით „ოპლოტ-M“-ზე 6ТД-2Е -ის ტიპის ორტაქტიანი, 16.3 ლიტრი მოცულობის, ექვსცილინდრიანი, წყლით გაგრილებადი  დიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც მაქსიმალურ 1 200 ცხენის ძალას, ანუ 882 კილოვატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ეს ძრავა მრავალსაწვავიანია, რაც ნიშნავს, რომ მას სხვადასხვა საწვავზე შეუძლია მუშაობა, ესენია: ბენზინი, ნავთი, დიზელის საწვავი და ყველა ჩამოთვლილი საწვავის ნარევი ნებისმიერი თანაფარდობით.

ეს ძრავა ძირითად საბრძოლო ტანკს გზატკეცილზე მაქსიმალური 70 კმ/სთ-ის ტოლი სიჩქარეს  ანიჭებს. ტანკს საწვავის ერთი გაწყობით 400 კილომეტრის დაფარვა შეუძლია, ხოლო დამატებითი საწვავის ავზების გამოყენების შემთხვევაში კი 500 კილომეტრის.

ძირითადი ძრავის გარდა, ტანკზე ასევე დაყენებულია დამხმარე ძალური აგრეგატიც, რომელიც ტანკის ბორტზე არსებული ელექტრონული სისტემების ელექტროენერგიით მომარაგებას და მათ გამართულ ფუნქციოირებას უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც ძირითადი ძრავა გამორთულია.

2011 წლის სექტემბერში ტაილანდის სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინულ იარაღით მოვაჭრე კომპანიასთან – „უკრსპეცექსპორტთან“  კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მათ 49 ერთეული „ოპლოტ-M“-ის ტიპის ძირითადი საბროლო ტანკის შეისყიდეს. ტაილანდელებმა  თითოეული ტანკში 4.9 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიიღეს

?

ეკიპაჟი

3 კაცი

წონა და ზომები:

საბრძოლო წონა

51 ტონა

სიგრძე (ქვემეხის ლულით)

9720 მმ

კორპუსის სიგრძე

7075 მმ

სიგანე

3400 მმ

სიმაღლე

2285 მმ

შეიარაღება:

ძირითადი შეიარაღება

125-მმ-იანი, გლუვლულიანი

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა

Комбат-ის ტიპის

ტყვიამფრქვევები

1 x 12.7-მმ-იანი, 1 x 7.62-მმ-იანი

დამიზნება ვერტიკალურ სიბრტყეში

– 6-დან  + 13 გრადუსამდე

დამიზნება ჰორიზონტალურ სიბრტყეში

360 გრადუსი

საბრძოლო კომპლექტი:

ჭურვები / რაკეტა

40 / 6

ვაზნები

?

მობილურობა:

ძრავა

6ТД-2Е

ძრავის სიმძლავრე

1 200 ცხ. ძალა

მაქსიმალური სიჩქარე

70 კმ/სთ

სვლის მარაგი

540 კმ

მანევრულობა:

გრადიენტი

60%

დაგვერდება

40%

გადალახვადი  კედლის სიმაღლე

1 მ

გადალახვადი თხრილის სიგანე

2.85 მ

წყლიანი დაბრკოლების გადალახვა (მოუმზადებლდ)

1.8 მ

წყლიანი დაბრკოლების გადალახვა (მომზადებით)

5 მ

იხილეთ აგრეთვე:

 

დატოვეთ კომენტარი