ОЦ-23 Дротик


ОЦ-23 Дротик

ავტომატური პისტოლეტი

ავტომატური პისტოლეტი ОЦ-23 “Дротик”-ი (ხელშუბი) რუსეთის ქალაქ ტულაში მდებარე სპორტული და სანადირო იარაღების ცენტრალურ საკონსტრუქტორო-საკვლევ ბიუროში შემუშავდა, 1990-იანი წლების დასაწყისში. ამ პისტოლეტის შექმნა სამართალდამცავი ორგანოებისათვის მცირე ზომის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ტიპის იარაღით უზრუნველყოფის მცდელობა იყო.

ავტომატური პისტოლეტი ОЦ-23 შექმნილია როგორც პერსონალური თავდაცვისათვისათვის, ისე თავდასხმისთვისაც. იარაღი სპეციალური დანიშნულების ძალების მებრძოლებისათვის არის განკუთვნილი. ამ პისტოლეტის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები ძალიან ახლოს დგას პერსონალური თავდაცვის იარაღების ანალოგიურ მახასიათებლებთან. იარაღი ასევე ბევრი აქვს საერთო ბელგიურ FN Five-seveN-ის ტიპის პისტოლეტთან, რომელიც ასევე მაღალი ჯავშანშეღწევადობის უნარის მქონე წვრილკალიბრიან ვაზნებს იყენებს.

ამ პისტოლეტის შექმნამდე 9×18 და 9×19 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში იყო. კრიმინალთა დიდი ნაწილი კი ჯავშანჟილეტებს იყენებდა, რაც, რა თქმა უნდა, ართულებდა მათ წინააღმდეგ ბრძოლას. სწორედ ამიტომ, იგორ სტეჩკინმა წამოაყენა წინადადება მცირე 5.45×18 მმ კალიბრის ვაზნების გამოყენების შესახებ. ეს ვაზნები ცნობილი იყო იმით, რომ ისინი ჯავშანჟილეტებს საკმაოდ ადვილად ხვრეტდნენ.

5.45×18 მმ კალიბრის ვაზნას შესანიშნავი ჯავშანსაწინააღმდეგო მახასიათებლები გააჩნია. ცნობილია, რომ  ПСМ-ის ტიპის ნახევრად ავტომატური პისტოლეტიდან გასროლილმა ამ კალიბრის ტყვიამ კევლარის 55 ფენა და მათ უკან მდებარე საკმაოდ სქელტანიანი წიგნი გახვრიტა.

მიუხედავად იმისა, რომ 5.45×18 მმ კალიბრის ვაზნას მაღალი ჯავშანშეღწევადობა ახასიათებს, მის მთავარ ნაკლად მიიჩნევა ის, რომ ამ ტყვიას ძალიან მცირე შემაჩერებელი ძალა აქვს. იმისათვის, რათა მიეღწიათ შედარებით მაღალი შემაჩერებელი ძალისთვის, იგორ სტეჩკინმა გამოთქვა იდეა, რომ პისტოლეტს რამდენიმე ტყვიიანი (3-3 ტყვიიანი) ჯერებით ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა და ასევე  ძალიან მაღალი სროლის ტემპი – დაახლოებით 1 800 გასროლა წუთში – უნდა ჰქონოდა. თეორიულად, სტეჩკინის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მოწინააღმდეგეს 3 ტყვია პრაქტიკულად ერთდროულად უნდა მოხვედროდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა შოკისა და შემაჩერებელ ეფექტს, ერთ ტყვიასთან შედარებით. სამი ტყვიის თითქმის ერთდროულად  მოხვედრის გარანტიას კი ექსტრემალურად მაღალი სროლის ტემპი იძლეოდა.

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიულად იყო. რეალურად კი ძალიან მცირე ზომის, 5.45 მმ კალიბრის ტყვია თავის ისედაც უკიდურესად მცირე საწყისი ენერგიის დიდ ნაწილს სწრაფად კარგავს დისტანციის ზრდასთან ერთად. რის გამოც, საკმაოდ ახლო მანძილებზედაც კი  ერთდროულად მოხვედრილი სამი ტყვიასაც არა აქვს საკმარისი შემაჩერებელი ძალა და, უბრალოდ რომ ვთქვათ, ძალიან არაეფექტურია.

ОЦ-23-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი ძალიან მცირე რაოდენობით იქნა წარმოებული. პისტოლეტის ამ კონსტრუქციის მთავარი მიღწევა იყო ის, რომ მან გაცილებით უფრო პრაქტიკული იარაღების შემუშავების საფუძველი შექმნა, როგორიცაა, მაგალითად, 9-მმ-იანი ОЦ-33-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი.

ОЦ-23-ის ავტომატიკა თავისუფალი საკეტის პრინციპზეა დაფუძნებული. იარაღის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედებისაა. პისტოლეტის დამცველს ცეცხლის წარმოების რეჟიმის გადამრთველი ბერკეტის ფუნქციაც აქვს შეთავსებული და იარაღის საკეტის ორივე გვერდზეა განთავსებული.

იარაღის დამცველსა და ცეცხლის წარმოების რეჟიმის გადამრთველ ბერკეტს სამი პოზიცია გააჩნია: პირველ პოზიციაში, როდესაც ის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფება, იარაღი ჩაკეტილია. ეს პოზიცია ერთი თეთრი წერტილით არის აღნიშნული. ბერკეტის ერთი დონით ქვემოთ ჩამოწევის შემთხვევაში პისტოლეტი ნახევრად ავტომატურ რეჟიმში გადადის, ეს პოზიცია ერთი წითელი წერტილით არის აღნიშნული. კიდევ ერთი დონით დაბლა ჩამოწევის შემთხვევაში კი პისტოლეტი 3–3-ტყვიიანი ჯერის წარმოების რეჟიმში გადადის, ეს პოზიცია სამი წითელი წერტილით არის აღნიშნული.

პისტოლეტს 24 ვაზნის ტევადობის მქონე მჭიდი გააჩნია. მჭიდში ვაზნები ორ რიგად არის განთავსებული. პისტოლეტი აღჭურილია სპეციალური მექანიზმით, რომელის საშუალებითაც მსროლელს შეუძლია გაიგოს თუ რამდენი ვაზნა არის დარჩენილი მის იარაღში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იარაღის ორრიგიანი, სქელი მჭიდის გამო პისტოლეტის სახელური ცოტათი არაკომფორტულია.

ОЦ-23-ს ლულასა და საკეტს ბოლოში სპეციალური ჭრილი გააჩნიათ, რაც აბალანსებს იარაღს და ამიცირებს ე.წ. „შეხტომას“, განსაკუთრებით ცეცხლის ავტომატურ რეჟიმში წარმოების დროს.

სტანდარტულად, პისტოლეტს ღია ტიპის ფიქსირებული სამიზნეები გააჩნია. პისტოლეტის ჩარჩოს ქვეშ შესაძლებელია სპეციალური რელსების დაყენება, რომელზედაც სხვადასხვა სახის აქსესუარების დამაგრება გახდება შეიძლება, მაგალითად, როგორიცაა ლაზერული მიზანმომნიშვნელი.

ОЦ-23 საკმაოდ წარმატებით შიძლება გამოყენებული იქნას როგორც თავდაცვითი იარაღი, ახლო მანძილზე. „დროტიკი“ შეიძლება განვიხილოთ როგორც ПСМ-ის ტიპის ნახევრად ავტომატური პისტოლეტის საკმაოდ კარგი შემცველი. მითუმეტეს, რომ ორივე პისტოლეტი ერთსა და იმავე კალიბრის ვაზნებზეა გათვლილი.

ОЦ-23 ეფექტურობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად აღემატება ПСМ-ს, რაც უპირველესად მისი მაღალი სიზუსტის ცეცხლის წარმოების შესაძლებლობით, ტყვიის შედარებით მაღალი საწყისი სიჩქარით, მჭიდის სამჯერ მეტი ტევადობითა და სხვა ფაქტორებით არის განპირობებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ОЦ-23 “Дротик”-ის ტიპის პისტოლეტის ბაზაზე შეიქმნა ОЦ-33 „Пернач“-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი, რომელიც „დროტიკის“ მსგავსი კონსტრუქცია გააჩნია, თუმცა გაცილებით უფრო მსხვილი – 9 x 18 მმ კალიბრის ვაზნებს იყენებს.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:

კალიბრი

5.45 მმ

ვაზნა

5.45 x 18 МПЦ

წონა და ზომები:

წონა (ცარიელი მჭიდით)

860 გრ

სრული სიგრძე

195 მმ

ლულის სიგრძე

112 მმ

საცეცხლე მახასიათებლები:

ტყვიის საწყისი სიჩქარე

320 მ/წმ

სროლის ტემპი

1 800 გასრ./წთ

პრაქტიკული სწრაფსროლა

30 – 50 გასრ./წთ

მჭიდის ტევადობა

24 ვაზნა

დამიზნების მანძილი

50 მ

იხილეთ აგრეთვე:

დატოვეთ კომენტარი