MBT Revolution


 MBT Revolution

„რაინმეტალის“ მისიაზე ორიენტირებული მოდერნიზების მოდულარული პროგრამა ძირითადი საბრძოლო ტანკებისათვის

2010 წელს გერმანულმა კომპანია Rheinmetall-მა ძირითადი სარძოლო ტანკების მოდერნიზაციის ახალი კონცეპცია შეიმუშავა, სახელწოდებით – MBT Revolution-ი. 2011 წელს კი საერთაშორისო თავდაცვით გამოფენა IDEX – 2011-ზე წარმოდგენილი იქნა ტანკი Leopard-2, რომელიც ზემოთ აღნიშნული სტანდარტის მიხედვით იყო მოდერნიზებული.

პარიზის სალონზე დემონსტრირებული MBT Revolution-ი წარმოგვიდგებოდა, როგორც Leopard 2A4-ის ტიპის ტანკის ღრმად მოდერნიზებული ვარიანტი. კომპანია Rheinmetall-ი MBT Revolution-ის სახელწოდების ქვეშ პოტენციურ კლიენტებს ძირითადი საბრძოლო ტანკებისათვის განახლების კომპლექსურ პაკეტს სთავაზობს – პაკეტის მოდულური კონცეპცია ტანკების სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ამჟამინდელ ოპერატიულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას იძლევა, ამასთანავე, ის ასევე უზრუნველყოფს მათი შესაძლო მოდერნიზების პოტეციალსაც მომავალში.

Rheinmetall-ის რევოლუციური კონეფციის ასპექტებს მიეკუთვნება, კერძოდ, ღონისძიებათა პაკეტი დაცვის ამაღლებისათვის, და აგრეთვე ვრცელი კომპლექტი სიტუაციის შეფასების უნარის ასამაღლებლად, ამასთანავე, ყოველივე ზემოაღნიშნულით აღჭურვის შემდეგ, ტანკის წონის ზრდა შედარებით არც თუ ისე დიდია. გარდა ამისა, ოპტიმიზირებულ კონსტრუქციას მანქანის კონტურთა ცვლილება მინიმუმამდე დაჰყავს. მახასიათებლების ამაღლებისათვის გერმანული კომპანია Rheinmetall-ი სთავაზობს არა მარტო კვანძების სრულ კომპლექტს განახლებისათვის, არამედ ასევე სისტემა C4I-ის (მართვა, მეთაურობა და დაზვერვა) ელემენტებს, ცეცხლის მართვის სისტემას, ახალ სენსორებს, შეიარაღების სისტემებს და აგრეთვე სხვა გადაწყვეტილებებს დაცვისათვის. ეს შესაძლებლობები – შემოთავაზებული ერთი მომმარაგებლის მიერ – განსაკუთრებით აქტუალურია მოდერნიზაციის კომპლექსური პროგრამის განხორციელებისას, სადაც ოპტიმალურად უნდა ურთიერთქმედებდეს როგორც ახალი, ისე უკვე არსებული კომპონენტები. ამასთანავე, Rheinmetall-ს ასევე გააჩნია პატნიორი კომპანიების ფართო საერთაშორისო ქსელიც.

მოდერნიზაციის ძირითადი მიმართულებას, რომელიც განკუთვნილია 1985 – 1992 წლებში გამოშვებული ტანკების თანამედროვე საბრძოლო მანქანებად გარდასაქმნელად, ფაქტიურად ყველა არსებულ გამოწვევისათვის შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. სხელდობრ მოდერნიზების პროგრამა მოიცავს შემდეგს:

  • კარდინალურად გაუმჯობესებულია დაცულობა, ზესადები ელემენტები, რომლებიც ტანკის მთელ კოშკურასა და კორპუსის შუბლა ნაწილს, აგრეთვე ბორტების ორ მესამედს (ე. ი. საბრძოლო განყოფილებას) ფარავს, ტანკის ყველა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების, უპირველესად კი РПГ-7-ის გასროლებისაგან დასაცავად არის განკუთვნილი, ამას გარდა, მის მოვალებაში ასევე შედის ტანკის ნაღმებისაგან, თვითნაკეთი ფუგასებისაგან, კასეტური საბრძოლო საშუალებების დამაზიანებელი ელემენტებისაგან, ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ფრთასხმული ჭურვებისაგან, ოპტიკურ-ელექტრონული, ინფრაწითელი და ლაზერული დამიზნების სისტემების მქონე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისაგან დაცვაც;
  • ტექნოლოგია „ციფრული კოშკურის“ რეალიზირება, ე. ი. ტანკის ცეცხლის მართვის სისტემაში ჩვენების თანამედროვე საშუალებების, ქსელური გადაწყვეტილებებისა და კომპონენტების დანერგვა, საკუთარი ჯარებისა და მოწინააღმდეგის ძალების რეალური დროის რეჟიმში თვალთვალის საშუალებას იძლევა, დაკვირვებისა და დამიზნების სადღეღამისო საშუალებები ეკიპაჟის წევრებსათვის ფაქტიურად წრიული ხედვას უზრუნველყოფს, თანაც, რაღა თქმა უნდა, ჯავშნის ქვემოდან. ყველაფერი ეს ტანკისტებს ამა თუ იმ საფრთხეზე რეაქციისათვის საჭირო დროის შემცირების საშუალებას აძლევს;
  • ცეცხლის მართვის სისტემის გაუმჯობესებული მახასიათებლები, რომელთა გამოც ტანკს სამიზნეების დაზიანება პირველივე გასროლით შეუძლია, განსაკუთრებით მოძრაობის დროს;
  • მანქანის კონსტრუქციაში „სამეთაურო“ მუხრუჭის დანერგვის გამო, ტანკის ეკიპაჟის უფროს წევრს მანქანის გაჩერების შესაძლებლობა თავისი სამუშაო ადგილიდან აქვს. იგი განკუთვნილია რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის არსებობის დროს გამოსაყენებლად, მაგალითად, მძღოლ-მექანიკოსის უუნარობისას;
  • ტანკის საბრძოლო კომპლექტში თანამედროვე ტიპის ჭურვების დანერგვა, რომელთა შორისაც შედის უახლესი ქვეკალიბრული და ბოლო თაობის პროგრამირებადი ფუგასური ჭურვები;
  • ტანკები აღჭურვილია თანამედროვე, სტაბილიზირებული დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულით დამხმარე შეიარაღებისათვის (ტყვიამფრქვევისათვის);
  • კავშირის სისტემების გამოყენება ეკიპაჟს ტანკის გარშემო მყოფ ქვეითებთან ინფორმაციის გაცვლის საშუალებას აძლევს;
  • კონსტრუქციაში დამხმარე ძალური დანადგარის დანერგვა, რომელიც ტანკის მრავალრიცხოვან საბორტე ელექტრონულ სისტემებს ელექტროენერგიით კვებავს ისე, რომ ამისათვის ძირითადი ძრავის ჩართვის საჭიროება არ არის: ამის წყალობით არა მხოლოდ მოტორესურს უკეთდება ეკონომია, არამედ ამასთანავე დაბლა იწევს მანქანის სითბური და აკუსტიკური შემჩნევადობაც;
  • ტანკებზე დაყენებულია აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია თითოეული ძირითადი საბრძოლო ტანკის ზურგის უზრუნველყოფის ერთიან ავტომატიზირებულ სისტემაში ჩასართავად: ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს და აგრეთვე აჩქარებს სატანკო ქვედანაყოფების საბრძოლო მასალებით, საწვავითა და სხვა ლოგისტიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.

შემოთავაზებული ცვლილებების კომპლექტი უფრო საინტერესოა, ვიდრე მოდიფიკაცია Leopard 2A7+-ის შემთხვევაში. თუმცა კი აქ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ორი თავისებურება, რომლებიც  ერთგვარ ნაკლოვანებადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ: როგორც ჩანს, მოდერნიზების პროგრამა საკმაოდ მაღალი ღირებულებისაა და ამის შედეგად აგრეთვე  მნიშვნელოვნად იზრდება ტანკის მასაც, რაც სცდება 60 ტონის ფარგლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ უფრო დეტალურად განვიხილოთ MBT Revolution-ის პროგრამით მოდერნიზების ცალკეული ელემენტები.

დაცვის კონცეპცია

მრავალი ცალკეული კომპონენტის გაერთიანებით, კომპანია Rheinmetall-მა წრიული დაცვა შექმნა, რომელსაც ტანკის დაცვა თითქმის ყველა დღესდღეობით არსებული საფრთხისაგან შეუძლია. თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, ტანკის წონის ზრდა შედარებით არც თუ ისე დიდი აღმოჩნდა. სხვა დადებითი მხარეებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ დამატებითი დაცვის მოდულების ტანკის გარედან დაყენება და  მოხსანა საკმაოდ მარტივია. ამასთანავე,  უმნიშვნელოა სტრუქტურული ცვლილებების საჭიროებაც.

მოდულური კონსტრუქციის დაცვის პაკეტი შემდგომ ელემენტებს მოიცავს:

  • კორპუსისა და კოშკურის ბორტების დაცვა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქებისაგან, მათ შორის როგორც მრავალი ერთეული საარტილერიო ჭურვის აფეთქებისას წარმოქმნილი შრაპნელისა და ნამსხვრევებისგან, ისე დამრტყმელი ბირთვებისაგან.
  • ტანკის კორპუსის დაცვა მსხვილკალიბრიანი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვებისაგან, ასევე მაღალი სიზუსტის, მართვადი და უმართავი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისაგან.
  • კოშკურის დაცვა მსხვილკალიბრიანი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვებისაგან, ასევე მაღალი სიზუსტის მართვადი და უმართავი ტანკსაწინააღმედო იარაღისაგან.
  • ტანკის სახურავის დაცვა კასეტური საბრძოლო საშუალებების ელემენტებისაგან.
  • ტანკის ქვედა და შიდან ნაწილების დაცვა ნაღმების აფეთქებისაგან.
  • განცალკევებული ჭურვების სათავსები.
  • ROSY – კვამლის ფარდის დასაყენებელი ახალი, უნივერსალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს წრიულ, 3600-იან დაცვას სხვადასხვა ტიპის დამიზნების მქონე მართვადი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებისაგან.

კამლის ფარდის დამყენებელი სისტემა ROSY

ტანკის დაცულობის გასაძლიერებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებიდან ერთ-ერთი კომპანია „რაინმეტალის“ მიერ შემუშავებული კამლის ფარდის დამყენებელი სისტემა ROSY-ა. ის არა მხოლოდ მულტისპექტრულ კვამლის ღრუბელს ქმნის გამოსხივების აღმოჩენილ მიმართულებაზე, 0.6 წამზე ნაკლებ დროში, არამედ ასევე ქმნის კვამლის დინამიკურ „კედელსაც“, რაც მოძრავ ტანკს ხანგრძლივი დაცვით უზრუნველყოფს და იცავს მას მრავალჯერადი იერიშებისაგან.

ROSY მოქმედებაში

ციფრული კოშკურის კონცეპცია

დღესდღეობით მრავალი ტანკის საბრძოლო განყოფილება ანალოგური სისტემებით არის აღჭურვილი, რომლებიც ტანკის მეთაურს არ  აძლევენ ღამის პირობებში დაკვირვების წარმოების შესაძლებლობას.  ეს სისტემები მეთაურს ძალიან შეზღუდულ შესაძლებლობებს თუ სთავაზობენ მხოლოდ, მაგალითად, ცეცხლის ეფექტურობის დაკვირვებისათვის, და არ არის საშუალებები ციფრული გადაცემის ან ვიდეო სიგნალების დასამუშავებლად.

ამასთან დაკავშირებით კომპანია „რაინმეტალი“ გაუმჯობესების ორ გზას სთავაზობს. პირველი გზა – ანალოგური მოწყობილობების შენარჩუნებასა და ამავდროულად თანამედროვე მოწინავე კომპონენტების (ლაზერული მანძილმზომი, მეთაურის პერისკოპი, მემიზნე-ოპერატორის თბოვიზორი და ა. შ.) დამატებას გულისხმობს, რომლებიც ინტერფეისების საშუალებით არიან გაერთიანებული. აღნიშნული ეკონომიური გადაწყვეტა მნიშვნელოვანი კომპონენტების გათანამედროვებას ხდის შესაძლებელს, და აგრეთვე, სულ ცოტა, სისტემის ნაწილობრივი დიგიტალიზაციის საშუალებას იძლევა. თუმცა კი ასეთი გადაწყვეტა კოშკურის ისედაც შეზღუდული შიდა სივრცის ოპტიმალურად გამოყენების საუკეთესო გზას ნამდვილად არ წარმოადგენს და ამასთანავე გარდაუვალს ხდის აღჭურვილობის მოძველებას.

რაც შეეხება მეორე გზას, იგი  საბაზისო სისტემების სრულად შეცვლას გულისხმობს, რაც გაცილებით უფრო ოპტიმალურ გადაწყვეტას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულება ტანკის კოშკურაში არსებითად მცირე სივრცეს მოითხოვს, და ყველა აღჭურვილობას აერთიანებს – ხედვის და ცეცხლის მართვის სისტემებიდან დაწყებული კავშირისა და მართვის სისტემებით დამთავრებული ყველაფერი ერთიან, მაღალეფექტურ ციფრულ ქსელშია გაერთიანებული, რომელიც გამოირჩევა ერგონომიკულობით, საიმედოობითა და გამოყენების სიმარტივით, მაღალ სტრესულ სიტუაციებშიც კი.

ციფრული სისტემის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საფრთხეებზე რეაქციის დრო და გაზარდა ჭურვის სამიზნეზე პირველივე გასროლით მოხვედრის ალბათობა. პირველ რიგში უნდა თქვას, რომ შეიარაღებისა და მართვის ავტომატიზაცია ე. წ. „მონადირე – მკვლელის“  (Hunter – Killer ) კონცეპციის სრული მოცულობით რეალიზების საშუალებას იძლევა. C4I-ის (მართვა, მეთაურობა და დაზვერვა) სისტემასთან დაკავშირებით იგი ვირტუალური რეალობის ფორმირების საშუალებას იძლევა, და წვრთნის ჩატარებას, ისე როგორც ტრენაჟერზე, პირდაპირ ტანკში ხდის შესაძლებელს.

ძირითად საბრძოლო ტანკ MBT Revolution-ის საბორტე აღჭურვილობა მოიცავს ორ სიბრტყეში სტაბილიზირებულ სამიზნის აღმოჩენის ოპტიკურ-ელექტრონულ სისტემას. მის შემადგენლობაში შედის თბოვიზორი, დღის კამერა და ლაზერული მანძილმზომი.  მეთაურისა და მემიზნე-ოპერატორისათვის სიტუაციის შესაფასებლად აუცილებლად საჭიროა მონაცემები – სამიზნე, მანძილი მის მდებარეობამდე, საბრძოლო მასალის ტიპი და სისტემათა უმრავლესობის მდგომარეობა – მონაცემები ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილის შესახებ საბრძოლო განყოფილებაში არსებულ დისპლეიზე გამოდის. მასზე შესაძლებელია ბრძოლის ველის როგორც წრიული პანორამის, ისე მისი ცალკეული ფრაგმენტების ასახვა, რომელიც ხილულია ჩვეულებრივი სამიზნიდან.

დაზვერვა

ცეცხლის მართვის ციფრული ბლოკი SEOSS-ი (Stabilized Electro-Optical Sensor System), დაკვირვებისთვის გაფართოებულ შესაძლებლობებს იძლევა. იგი ორ სიბრტყეშია სტაბილიზირებული და  აღჭურვილია Saphir-ის ტიპის თბოვიზორით, დღის ხედვის კამერითა და თვალისათვის უსაფრთხო ლაზერული მანძილმზომით. მონაცემები, რომლებიც სიტუაციის შეფასებისთვის არის აუცილებელი და რომელიც სამიზნის მდებარეობას, სისტემათა მდგომარეობას, სიშორესა და ჭურვის ტიპს მოიცავს, საბრძოლო განყოფილებაში განთავსებულ მონიტორზე გამოდის.

ცეცხლის მართვის ციფრული ბლოკი SEOSS-ი სამიზნის აღმოჩენას როგორც დღის, ისე ღამის პირობებში უზრუნველყოფს, მათ შორის შეზღუდული ხილვადობისა და მოძრაობის დროსაც კი. მომხმარებელს შეუძლია არჩევანი გააკეთოს ბრძოლის ველის წრიული ხედვას ან ძირითადი შეიარაღების მიმართულებით ხედვას შორის. SEOSS-ი ასევე აღჭურვილია ინტეგრირებული ბალისტიკური გამომთვლელით ექვსი განსხვავებილი ტიპის ჭურვისათვის.

ინფორმირების სისტემა SAS-ი

ბრძოლის ველზე მუდმივი წრიული დაკვირვების წარმოება, რომელიც ტანკის მეთაურსა და მემიზნე-ოპერატორს სამუშაო პირობებს უმსუბუქებს, ინფორმირების სისტემით (SAS – Situational Awareness System) არის უზრუნველყოფილი. მის ფუნქციებში აგრეთვე შედის პეტენციური სამიზნეების ავტომატურად აღმოჩენა და თვალთვალი. SAS-ი ოთხი ოპტიკური მოდულისაგან შედგება (თუმცა მოდერნიზაციის ღირებულების შესამცირებლად შესაძლებელია მხოლოდ ორი მათგანის დაყენება), რომლებიც კოშკურის კუთხეებზეა დაყენებული, თითოეულ მათგანს სამი ობიექტივი გააჩნია ხედვის არის 60-გრადუსიანი კუთხით, ამას ემატება ასევე მაღალი გარჩევადობის ფერადი კამერები და ღამის ხედვის კომპონენტები. საფრთხეზე ეკიპაჟის რეაქციის დროის შესამცირებლად, აღმოჩენილი სამიზნის შესახებ ინფორმაცია SAS-ს შეუძლია დაუყოვნებლად გადასცეს ცეცხლის მართვის სისტემას, პირველ რიგში კი ახალი თაობის დისტანციურად მართვად საბრძოლო მოდულ QIMEK-ს, რომელიც კოშკურის სახურავზეა განთავსებული.

საბრძოლო მოდული დისტანციური შეიარაღებით

დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული QIMEK-ი

ახალი თაობის დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული QIMEK-ი ტანკის თავდაცვითი სისტემების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მოდულური კონსტრუქცია და მაღალი მოქნილობა განაპირობებულია უნივერსალური სადგამით, რომლის წყალობითაც მოდულის აღჭურვა სხვადასხვა შეიარაღებით არის შესაძლებელი, მაგალითად, როგორიცაა 40-მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნი ან ტყვიამფრქვევი. გარდა ამისა, QIMEK-ში ფაქტიურად ნებისმიერი ოპტიკური სისტემის ჩაშენებაა შესაძლებელი. დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულთა სხვა მოდელები, მაგალითად, Kongsberg-ის, შესაძლებელია აგრეთვე მარტივად იქნეს ინტეგრირებული. საბრძოლო მოდულის წონა სულ მხოლოდ 200 კგ-ს შეადგენს. QIMEK-ი იდეალურ სისტემას წარმოადგენს ტანკის ახლო მანძილზე თავდაცვისათვის, ოპერაციების ფართო სპექტრში.

დაზიანების სისტემები

DM11-ის ტიპის 120-მმ-იანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვი

კომპანია „რაინმეტალი“ მსხვილკალიბრიანი საარტილერიო სისტემებისა და საბრძოლო მასალების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. კომპანია აწარმოებს მსოფლიოში ცნობილ გლუვლულიან სატანკო ქვემეხებს, L44-სა და L55-ს, რომლებიც გამორჩეულნი არიან მძლავრი საცეცხლე ძალითა და მაღალი სიზუსტით. „რაინმეტალის“ უკანასკნელი მიღწევას ჭურვების დარგში DM11-ის ტიპის 120-მმ-იანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვი წარმოადგენს. შემყოვნებლით აღჭურვილი ამფეთქის წყალობით, იგი იდეალური საშუალებაა ქვეითი ქვედანაყოფების მხარდასაჭერად, ვინაიდან იგი ძალიან ეფექტურია მსუბუქი ფორტიფიკაციებისა და შეუჯავშნავი თუ მსუბუქად შეჯავშნული საბრძოლო ტექნიკის გასანადგურებლად. ჭურვის ლულაში გადაგზავნის შემდეგ ელექტრონული მოდული აპროგრამებს ამფეთქის შემყოვნებელს, რათა ჭურვის დეტონირება მისი ფრენის ტრაექტორიის განსაზღვრულ წერტილში მოხდეს, ამიტომაც, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, მისი აფეთქება შესაძლებელია, როგორც სამიზნის თავზე, ისე მის ზედაპირზე ან სულაც სამიზნის შიგნით, მასში შეღწევის შემდეგ, ვთქვათ, მაგალითად, ოთახში, მისი კედლის გახვრეტის შემდეგ. ამდენად, DM11-ის ტიპის პროგრამირებადი ჭურვი საუკეთესოდ შეესაბამება ძირითადი საბრძოლო ტანკებისათვის წაყენებულ შეცვლილ მოთხოვნებს.

ქვეკალიბრული  ჯავშანგამტანი ფრთასხმული ჭურვი DM53 სპეციალურად იქნა შემუშავებული თანამედროვე მრავალშრიანი სატანკო ჯავშნისა და ასევე მოდულური რეაქტიული ჯავშნის დასაძლევად. მისი გულარი ვოლფრამის სპეციალური შენადნობისაგან არის დამზადებული. მწარმოებლის განცხადების მიხედვით, ეს ჭურვი სპეციალურად რეაქტიული ჯავშნის გასარღვევად არის ოპტიმიზირებული და შეუძლია გახვრიტოს ყველა ტიპის თანამედროვე ტანკის შუბლა ნაწილი. აღნიშნული ჯავშანგამტანი ჭურვების გამოყენებით ცეცხლის წარმოება შესაძლებელია კომპანია „რაინმეტალის“ როგორც 44, ისე 55 კალიბრის სიგრძის ლულის  მქონე 120-მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხებიდან.

DM53A1

კომპანია „რაინმეტალმა“ მსოფლიოში პირველი სატანკო ჭურვები შეიმუშავა, რომლებიც არ არიან დამოკიდებული გარემო ტემპერატურაზე, ეს არის DM53A1-ის  და DM63-ს (DM53A1-ის ტიპის ჭურვი DM53-ის მოდიფიცირებულ ვარიანტა, ხოლო DM63 მის კიდევ უფრო შემდგომ განვითარებას წარმოადგენს) ტიპის ჭურვები. ამ ჭურვების განმასხვავებელ თვისებას TIPS-ი, ანუ ტემპერატურისგან დამოუკიდებელი მამოძრავებელი დანადგარი (Temperature-Independent Propulsion System) წარმადგენს, რომელიც მათ შიდა ბალისტიკურ მახასიათებლებს მუდმივი დონით ინარჩუნებს ტემპერატურის ფართო დიაპაზონში.

DM63

ჭურვების ეს ახალი თაობა გაცილებით უფრო მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. ისინი აგრეთვე ნაკლებად იწვევენ ლულის ეროზიასაც. DM63 შესაძლებელია გამოყენებული იქნას განსხვავებულ კლიმატურ ზონებში. იგი შეთავსებადია ნებისმიერ 120-მმ-იან გლუვლულიან ქვემეხთან.

PELE

კომპანია „რაინმეტალის“ კიდევ ერთ უახლეს ქმნილებას 120-მმ-იანი ინერტული ჭურვი PELE (Penetrator with Enhanced Lateral Effect) წარმოადგენს, რომელსაც არ გააჩნია ასაფეთქებელი ნივთიერება და, აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფრთხოა მისი ხელში ჭერაც. როდესაც ის სამიზნეს ხვდება, ჭურვის შიგნით არსებული დაბალი სიმკვრივის მასალა იკუმშება, რაც საბრძოლო ნაწილის განადგურებას იწვევს და ნამსხვრევების დიდ რაოდენობას წარმოქმნის,  რომლებიც მხოლოდ ჭურვის ტრაექტორიით მოძრაობენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც სამიზნეს ნახევრად გამაგრებული ობიექტი წარმოადგენს. PELE-ს ტიპის ჭურვები შესაძლებელია გამოყენებული იქნას მრავალმიზნობრივ ან ჯავშანგამტან გასროლებში.

C4I და ქსელური შესაძებლობები

კომპანია „რაინმეტალის“ მოდერნიზების პროგრამა თავის პოტენციურ მომხმარებლებს მართვისა და მეთაურობის ღრმად ეშელონირებულ საინფორმაციო სისტემა INIOCHOS-ს სთავაზობს, რომელიც  ბრიგადის შტაბიდან ცალკეულ ჯარისკაცამდე არის ხელმისაწვდომი. სისტემა INIOCHOS-ი მართვისა და მეთაურობის ტაქტიკური სისტემების ოჯახს წარმოადგენს, რომელთა ფუნქციონალურობა შესაძლებელია ადაპტირებულ იქნეს კონკრეტული ოპერატიული სიტუაციებთან, მაგალითად, ოპერაციების ტაქტიკურ ცენტრთან, ტაქტიკურ სატრანსპორტო საშუალებებთან ან ქვეით ჯარისკაცთან. INIOCHOS-ი განკუთვნილია თანამედროვე ტაქტიკური ოპერაციების მხარდასაჭერად და იგი თავსებადობის თანამედროვე სტანდარტების სრულ სპექტრს მოიცავს, რომლებიც კომბინირებული და ერთობლივი ოპერაციების ჩატარების დროს გამოიყენება.

კლიმატ-კონტროლი

სრულიად ახალი ჰაერის კონდინციონერი და ვენტილაციის კონცეპცია ეკიპაჟისათვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნას უზრუნველყოფს, მათ შორის ცხელ კლიმატურ ზონებში მოქმედებისას. ჰაერის კონდინცირებისა და  თბოიზოლაციის სისტემები საბრძოლო განყოფილებაში, შეწყვილებული ოპტიმალურ ვენტილაციასა და მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილის გაგრილების ცალკეულ სისტემასთან, ეფექტურობის  აქამდე ჯერ მიუღწეველ დონეს განაპირობებს. უფრო მეტიც, საბრძოლო კომპლექტის გაზრდილი თბოიზოლაციის გამო, იზრდება ტანკის ექსპლოატაციის საერთო უსაფრთხოებაც. ინტელექტუალური კონტროლის წყალობით, კლიმატ-კონტროლის ახალი სისტემა ავტომატურად ადაპტირდება გარემო პირობების ცვლილებასთან, რაც ენერგიის ოპტიმალურად გამოყენებას განაპირობებს. დამატებით უპირატესობას წარმოადგენს წმენდისა და მომსახურების გამარტივებული პროცედურა.

დამხმარე ძალური დანადგარი

დამხმარე ძალური დანადგარები ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენენ, გასაკუთრებით კი უკანასკნელი ტექნიკური მიღწევების ფონზე. დამხმარე ძალური დანადგარის გამოყენებას მანქანის ენერგიის ბალანსის ოპტიმიზირება შეუძლია. ხშირ შემთხვევებში, ბატარეის ტევადობა  საკმარისი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი მოძველებული ტიპები გამოიყენება. თუკი ბატარეის დამუხტვის დონე  გარკვეულ დონეზე დაბლა დაიწევს, აუცილებელი ხდება ძრავის ჩართვა, რათა ბატარეა ხელახლა დაიმუხტოს. ამას კი საწვავის მეტისმეტად დიდ ხარჯვამდე მივყავართ, და აგრეთვე ძრავის მუშაობისას, რა თქმა უნდა,  ადგილი აქვს არასასურველ ხმაურისა და სითბოს გამოყოფას. ტანკის დამხმარე ძალური დანადგარით აღჭურვას კი ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრა შეუძლია.

ამგვარად, ტანკის მოდერნიზაცია, ჩატარებული MBT Revolution-ის პროექტის მიხედვით, მის შეჯავშნულ მონსტრად ქცევის საშუალებას იძლევა, რომელიც ერთნაირად კარგად არის მომზადებული როგორც მოწინააღმდეგის ტანკების, ისე მობილური ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით შეიარაღებული პარტიზანული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებისათვის.

დაცულობასა და საცეცხლე ძალას შორის ბალანსის გამო, აშკარაა, რომ ძირითად საბრძოლო ტანკს მნიშვნელოვანი როლი აკისრია თანამედროვე ომებსა და კონფლიქტების დარეგულირების ოპერაციებში. არც ერთი სხვა სისტემა არ აერთიანებს თავის თავში საცეცხლე ძალის, სიცოცხლისუნარიანობისა და მობილურობის მსგავს დონეს. ყოველივე ამის წყალობით მისი  ბრძოლის ველზე ყოფნას, საკუთარი ძალების მხარდაჭერასთან ერთად, მტრის მორალურად გატეხვაც შეუძლია. უკვე არსებული ტანკების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისათვის MBT Revolution-ის პოტენციალი მოდერნიზაციის ჩატარების საკმაოდ ბევრ ვარიანტს სთავაზობს და საშუალებას იძლევა არჩეულ იქნეს მათ შორის ყველაზე უფრო ეკონომიურად გამართლებული.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:

წარმოების დაწყების თარიღი

2010 წელი

ეკიპაჟი

4 ადამიანი

ზომები და მასა:

მასა

60

სიგრძე (ქვემეხის ლულით)

~ 9.7

კორპუსის სიგრძე

~ 7.7

სიგანე

~ 3.7

სიმაღლე

~ 2.5

შეიარაღება:

ძირითადი იარაღი

120-მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი

ტყვიამფრქვევები

1 x 12.7-მმ-იანი, 1 x 7.62-მმ-იანი

დამიზნების კუთხე ჰორიზონტალურ სიბრტყეში

360 გრადუსი

საბრძოლო კომპლექტი:

ძირითადი იარაღისათვის

42 გასროლი

ტყვიამფრქვევებისათვის

არ არის მონაცემები

მანევრულობა:

ძრავი

MTU MB-837 Ka501, დიზელის

ძრავის სიმძლავრე

1 500 ცხ. ძ.

მაქს. სიჩქარე გზატკეცილზე

~ 70 კმ/სთ

სვლის მარაგი

~ 500 კმ

გამავლობა:

ვერტიკალური კედელი

1.15

გადალახვადი თხრილის სიგანე

3

ფონის სიღრმე

1

ფონის სიღრმე (წინასწარი მომზადებით)

4

 იხილეთ აგრეთვე:

Leopard 2A7
Оплот – М
Т-90МС
T-72 АГ
120S

დატოვეთ კომენტარი